რედაქტორისგან - ივლისი 02, 2020
ცხოვრება შეიცვალა. წერტილი.
ოდესმე დავუბრუნდებით ჩვენს (ძველ) ცხოვრებას?
„უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ“ - ამ სიტყვებს ისე ხშირად ვიმეორებთ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ უკვე სპეციფიკურ ტერმინად, პოპულარულ ბანალურ ფრაზადაც კი იქცა... თუმცა, გასულ თვეებს ბანალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ...
მე, როგორც Herald-ის დამფუძნებელი, ვფიქრობდი თუ როგორ დამეჭირა მხარი ჩვენი მკითხველებისთვის ამ მძიმე დროში (რომელთა რიცხვიც სულ უფრო მატულობს). მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები რამდენიმე კონკრეტულ გარდამტეხ მოვლენაზე.
გარდამტეხი მოვლენა #1. პანდემიური სიგიჟე
სიტუაციის სწრაფი ესკალაციის შემდეგ, 2020 წლის 9 იანვარს, WHO-მ გამოაცხადა ახალი კორონა ვირუსის აღმოჩენის შესახებ (თავდაპირველად მას უწოდეს 2019-nCoV, შემდეგ კი, ოფიციალურად SARS-CoV-2), რომელიც მანამდე არ იყო იდენტიფიცირებული ადამიანებში. 11 თებერვალს, SARS-CoV-2-ის ინფექციით გამოწვეულ რესპირატორულ დაავადებებს უწოდეს COVID-19 (Lu et al. 2020, Mahase 2020). სულ რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების სწრაფი და ექსპონენციალური ზრდის შედეგად, WHO-მ პანდემიური სტატუსის გამოცხადება გადაწყვიტა (ყველამ დაიწყო იმის გახსენება, თუ როდის იდგა ბოლოს მსოფლიო პანდემიის პირისპირ?). ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირი შეზღუდვებით ჩაიკეტა, იგივე ხდებოდა „ძველი“ კონტინენტის ფარგლებს გარეთაც. და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროში ცხოვრება ფილმის სცენარში ყოფნას ჰგავს, ეს ჩვენი რეალობა იყო, არის და იქნება. დღეს, ზოგადი პერსპექტივა ნამდვილად უფრო ნათელია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ განა რომელიმე ჩვენგანი გაბედავს იმის გაფიქრებას ან თქმას, რომ უარესი უკვე უკან მოვიტოვეთ?
გარდამტეხი მოვლენა #2. რისკით ცხოვრება: ახალი პროფესია?
რბილად რომ ვთქვათ, The New York Times-ის მიერ მარტში გამოქვეყნებულმა მოულოდნელმა პუბლიკაციამ დიდი მღელვარება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც მათ განაცხადეს, რომ სტომატოლოგია ყველაზე სახიფათო პროფესიაა ბიო აეროზოლისადმი მოწყვლადობის მაღალი რისკის გამო, საზოგადოების მთელი ყურადღება ჩვენზე გადმოვიდა.
დადასტურებულია, რომ SARS-CoV-2-ის გადაცემა უმეტესად ხდება ჰაერში შეწონილი ნაწილაკების ჩასუნთქვით. ეჭვგარეშეა, რომ ეს გახდა ვირუსის გავრცელების და შედეგად, გლობალურად აფეთქების ხელშემწყობი ფაქტორი (del Rio & Malani, 2020).
დიახ, აეროზოლი და ჰაერში შეწონილი ნაწილაკები ნამდვილად წარმოიქმნება სტომატოლოგიური პროცედურების დროს, ამიტომ რა გასაკვირია, რომ პაროდონტოლოგია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. თანამედროვე პაროდონტოლოგიის საფუძველი - ულტრაბგერული წმენდა - მიიჩნევა სტომატოლოგიური აეროზოლის მთავარ წარმომქმნელად. ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია ულტრაბგერის თავის კონტაქტით სისხლსა და ნერწყვთან და, მეორე მხრივ, ულტრაბგერის აპარატისა და თავის გადახურების თავიდან არიდების მიზნით გამოყენებული წყლით, ამასთანავე, ულტრაბგერის თავის ვიბრაციით (Rivera-Hidalgo, Barnes, & Harrel, 1999). ჰაერ-ჭავლოვან აპარატებსაც შეუძლიათ აეროზოლის მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოქმნა. მიუხედავად იმისა, რომ აეროზოლის მნიშვნელოვანი შემცირება შეგვიძლია აეროზოლის შემამცირებელი მოწყობილობების გამოყენებით, ვირუსის გავრცელების რისკს მაინც ვერ უგულვებელვყოფთ (Muzzin, King, & Berry, 1999). ამან მიბიძგა, ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ევროპული პროექტების კომიტეტის სახელით, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფოგრაფიკების შექმნისკენ.
ჩვენ გვჭირდება აეროზოლის შეზღუდვა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს უთვალავჯერ გვითხრეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავარი პრობლემა ასე დგას: შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა მხოლოდ მანუალურად? ჩავანაცვლებთ მექანიკურ ინსტრუმენტებს ხელის ინსტრუმენტებით? ჩვენმა Neshat Zolekhapur-მა (ნეშატ ზოლეკაპურმა) წარმოგვიდგინა ეს თემა ლაღი და ახლებური ხედვით თავის ახალ სვეტში „იცოდით, თუ არა რომ...?“ მინდა გადახედოთ და გაუკეთოთ კომენტარი.
გარდამტეხი მოვლენა #3. „ახალი ნორმა“ სტომატოლოგიაში
სტომატოლოგია არ არის მხოლოდ ოსტატობა და მოხერხებულობა. ფაქტობრივად, ის, რასაც შენ ხელებით აკეთებ, ერთიანი პროცესის მხოლოდ სპეციფიკური ნაწილია, რომელიც ზუსტი ორგანიზებით უნდა წარიმართოს (საუკეთესო შემთხვევებში...).
ჩვენი ჯგუფი თავიდანვე შეეცადა, განესაზღვრა ზოგიერთი შესაძლო ქმედება, რაც იქნებოდა სტომატოლოგიური პრაქტიკის საფუძველი ასეთ რთულ დროში - ნეტა იცოდეთ, როგორი ექსპერიმენტული ქარბორბალა გამოვიარეთ... იტალიის ჩაკეტვის ფონზე, ჩემი კვლევითი ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთს გამოეყო, დღედაღამ მუშაობდნენ, ხვდებოდნენ Zoom-ში არასამუშაო საათებში...
ამ ფანტასტიკური იერიშის შედეგად შეიქმნა, პირველ რიგში, სტატია თემაზე „პროფესიული პრევენციის ზომები სტომატოლოგიურ გარემოში“. ეს გახლავთ ჩინეთის ფარგლებს გარეთ შექმნილი პირველი სტატია, რომელიც ავტორებმა სულ რამდენიმე კვირაში დაწერეს და გამოაქვეყნეს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შევეცადეთ შეგვეჯამებინა ყველა არსებული ცოდნა COVID-19-სა და სტომატოლოგიაზე ელექტრონულ წიგნში, რომელიც უფასოა, ხელმისაწვდომი და ეძღვნება სტომატოლოგთა საზოგადოებას. ძალიან მინდა გადმოწეროთ, შეაფასოთ და თქვენი მოსაზრება გამოთქვათ. (https://www.edizionimartina.com/edizionimartina/dettaglitesti/651.asp).
იმ კარგ პრაქტიკას შორის, რომელიც შეგვიძლია განვახორციელოთ, ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პაციენტებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის: ხელის დაბანა. ხელის ჰიგიენა, ყველაზე ეფექტური საშუალება COVID-19-ის გადაცემის რისკის შესამცირებლად, გულდასმითაა დამუშავებული Larisa Musić-ის (ლარისა მუსიჩის) მიერ პაროდონტოლოგის წიგნაკის სვეტში: თავადაც ნახავთ, რომ ამ პრაქტიკას თურმე არც ისე დიდი ხნის ისტორია ჰქონია.
გარდამტეხი მოვლენა #4. ჩვენი პაროდონტოლოგიური პაციენტები და ჩაკეტვა
პანდემიის პერიოდი მძიმე იყო ჩვენთვისაც და ჩვენი პაციენტებისთვისაც. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში გამოიკვეთა პაროდონტოლოგიური სტატუსის მკვეთრი გაუარესება.
ეს შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით, რომლებიც უკავშირდება, როგორც ბაქტერიებით უფრო მეტად დატვირთვას, ისე ჩვენი თავდაცვის მექანიზმების შეცვლას.
ნება მომეცით, თავდაპირველად თქვენი ყურადღება გავამახვილო ბაქტერიოლოგიურ ასპექტზე. შემანარჩუნებელი ფაზა პაროდონტოლოგიური მკურნალობის ფუნდამენტური ნაწილია და არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. თითქმის 2 თვის განმავლობაში, ჩვენ ვერ ვახერხებდით შემანარჩუნებელი ფაზის ხელშეწყობას და შესაძლოა, სწორედ ეს იქცა ყველაზე დამაზიანებელ გარემოებად განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. ამ თემას ეხება ჩემი Cristiano-ს, პროფესორ Thomas-ის (კრისტიანო თომასის) სტატია, რომელიც გაშლილია პერიოკამპუსის ჟურნალის კლუბის ამ გამოცემაში. კიდევ ერთი ფუნდამენტური კვლევა ყოველი პერიო გონებისთვის!
მაგრამ პრობლემა ნადების რაოდენობაში არ მდგომარეობს. სრულიად აირია ცხოვრების რუტინა (წესი), - მწეველებმა ჩვეულებრივზე მეტი მოწიეს და მაცივრის კარი ზედმეტად ხშირად გაიღო.
უფრო მეტიც, ფიზიკური აქტივობის სიმცირემ და სოციალურმა იზოლირებამ განსაზღვრა ზოგადი ანთების უფრო მაღალი დონე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს პირის ღრუს ჯანმრთელობის შეცვლის უფრო მაღალ ტენდენციას.
სწორედ ამიტომ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა კავშირის აღდგენას პროფესიონალებსა და პაროდონტოლოგიურ პაციენტებს შორის. კომუნიკაცია ამ კავშირის აღდგენის სათავეა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პაციენტებზე, განვუახლოთ მათ მოტივაცია და მოვუწოდოთ ჯანსაღი ქცევების გაძლიერებისკენ. ამრიგად, Sofia Drivas-ის (სოფია დრივას) სტატია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ქცევის შესაცვლელი სამოტივაციო ინტერვიუს შესახებ, ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებათ - აუცილებლად ნახეთ მისი სვეტი პაციენტის ქცევის ცვლილების შესახებ.
მინდა, ასევე აღვნიშნო Victoria Wilson-ის (ვიქტორია უილსონის) სტატია, გონება „კომუნიკაციის კვლევის“ მიღმა. ვიქტორიამ წამოჭრა პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც იგი ხედავს, როგორც სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ინტეგრირების შესაძლებლობას, ისე უფრო ფართო მასშტაბით განვრცობის საგანს.
გარდამტეხი მოვლენა #5. დღეს და ხვალ
ჩვენ გვჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ვითარებას თავიდან უნდა მოვერგოთ, გადავაფასოთ ბევრი რამ და რაც ყველაზე მთავარია, უნდა ვიმოქმედოთ. მე ნახევრად სავსე ჭიქის მომხრე ვარ ანუ ოპტიმისტი და ამ გამოწვევაში ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ შევქმნათ უკეთესი პაროდონტოლოგია და სტომატოლოგია, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავ შესაძლებლობას ადამიანთა კავშირის ხელახალი განსაზღვრისათვის. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ გაცნობოთ ახალი კოლაბორაციული სვეტის შესახებ, რომელიც დაიწყება ამ გამოცემაში: იმპლანტოლოგ ქალთა კავშირი წარმოადგენს ახალ ამაღელვებელ იდეას, ნიჭისა და სოლიდარობის სასიცოცხლო კავშირის შექმნაზე.
გაურკვეველ ფაქტორებსა და უცნობის შიშს არ უნდა მივცეთ ჩვენი დათრგუნვის უფლება. ნაცვლად ამისა, უნდა მივიღოთ ცვლილება, შევეგუოთ ჩვენი ცხოვრების ტრანსფორმაციას და ვიმუშაოთ ახალ სიტუაციაში.
გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჰქონდათ ადამიანებს შანსი, დაფიქრებულიყვნენ და ხელახლა წარმოესახათ, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება, ერთად მუშაობა და მზრუნველ სოციუმად ჩამოყალიბება?
ცხოვრება შეიცვალა. წერტილი.
რამდენად კარგია ეს?
გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:
del Rio, C., & Malani, P. N. (2020). 2019 Novel Coronavirus—Important Information for Clinicians. JAMA, 323(11), 1039. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32022836/
Izzetti, R., Nisi, M., Gabriele, M., & Graziani, F. (2020). COVID-19 Transmission in Dental Practice: Brief Review of Preventive Measures in Italy. Journal of Dental Research. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32302257/
Lu R, Zhao X, Li J, Niu P, Yang B, Wu H, Wang W, Song H, Huang B, Zhu N, et al. (2020) Genomic characterisation and epidemiology of 2019 novel coronavirus: implications for virus origins and receptor binding. Lancet. 395(10224):565–574. https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)30251-8/fulltext
Mahase E (2020) China coronavirus: WHO declares international emergency as death toll exceeds 200. British Medical Journal, 368:m408. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32005727/
Muzzin, K. B., King, T. B., & Berry, C. W. (1999). Assessing the clinical effectiveness of an aerosol reduction device for the air polisher. Journal of the American Dental Association, 130(9), 1354–1359. https://jada.ada.org/article/S0002-8177(14)65854-2/fulltext
Rivera-Hidalgo, F., Barnes, J. B., & Harrel, S. K. (1999). Aerosol and Splatter Production by Focused Spray and Standard Ultrasonic Inserts. Journal of Periodontology, 70(5), 473–477. https://aap.onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1902/jop.1999.70.5.473
van Doremalen, N., Bushmaker, T., Morris, D. H., Holbrook, M. G., Gamble, A., Williamson, B. N., … Munster, V. J. (2020). Aerosol and Surface Stability of SARS-CoV-2 as Compared with SARS-CoV-1. New England Journal of Medicine, NEJMc2004973. https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMc2004973