რედაქტორისგან - January 10, 2022
ამასწინათ, საფრანგეთის პაროდონტოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული კურსის შემდეგ, რომელიც ფურკაციების დაზიანების მართვას ეხებოდა, ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ფრანგმა პაროდონტოლოგმა რჩევისთვის მომმართა. მე კი ამ დროს მდინარე სენაზე მოტივტივე გემზე შამპანურს შევექცეოდი (მგონი, შემიძლია უფრო მეინსტრიმულიც ვიყო).
მისი ენთუზიაზმით აღსავსე მზერით მივხვდი, რომ ჩვეულებრივი პრაქტიკული რჩევა-დარიგებები არ დააკმაყოფილებდა და უფრო მასშტაბური შეკითხვა ჰქონდა.
არსებითად, მას აინტერესებდა ის, რაც მე კარგად მქონდა გააზრებული და ვაღიარებ, რომ ეს შეკითხვა საკუთარ თავსაც დავუსვი 32 წლის ასაკში (დიახ, ოდესღაც მეც ვიყავი 32 წლის და არა, ეს შუა საუკუნეებში არ ყოფილა); კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა: „საით უნდა წავიდე?“
თითქოს ამით კოლეგას უნდოდა ეთქვა: „უამრავი ენერგია მაქვს, ძალიან მონდომებული ვარ, ენთუზიაზმითა და ვნებებით სავსე... როგორ მივმართო მთელი ეს დადებითი ენერგია იმისკენ, რაც კმაყოფილებას და ბედნიერებას მომანიჭებს?“
უნდა ვაღიარო, რომ განმაცვიფრა ასე ღრმად გააზრებულმა შეკითხვამ და მიმართულების ძიების სურვილმა. ეს ახალგაზრდა იმ დახმარებას, რჩევის მიცემას მთხოვდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამგვარმა თაობათაშორისმა ურთიერთობებმა შეუწყეს ხელი როგორც აკადემიური, ისე ჯანდაცვის სისტემების განვითარებას. სინამდვილეში ეს ასე ხდება: „შენ გაქვს ძალა და დიდი სურვილი, მე გიჩვენებ გზას. დრო რომ გავა და მე აქ აღარ ვიქნები, შენ განაგრძობ გზას და ვიღაც სხვას ექნება ის ძალა, ცეცხლი და მონდომება, რითაც მიჰყვება შენს გზას და ასე იქნება ყოველთვის, თაობიდან თაობამდე“.
რა პასუხი გავცეთ ასეთ პირად და ეგზისტენციალურ კითხვას?
სიმართლე გითხრათ, როცა მისი კითხვის სიღრმე გავიაზრე, შამპანური მოვსვი და ჩემს ახალგაზრდა კოლეგას სკეპტიკურად მივაჩერდი.
ჩავფიქრდი, რადგან პირიქით, რჩევა მისთვის უნდა მეკითხა: „საით წავიდე? ვინ უნდა გავხდე?“ ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკშიც კი ჯერ ყველაფერი სრულად გააზრებული არ არის და კიდევ ამოხსნას საჭიროებს... როგორ მინდა შემეძლოს ამის თქმა: „მაქვს ძალა, უამრავი ენერგია, როგორ მივმართო ეს ენერგია.....“.
ძვირფასო მეგობარო, მეც ზუსტად ამავეს ვგრძნობ, მეც ასეთივე საჭიროებები, ეჭვები და მწველი სურვილები მაქვს.
მხოლოდ ერთი განსხვავებაა და იგი არ გულისხმობს განვლილი წლების სიმრავლეს, არამედ ცხოვრების იმ სტილს, რომელიც წილად მერგო ან თავად გადავწყვიტე ასე ცხოვრება (თუ ჩავთვლით, რომ ჩემს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპსა და ნაწილზე პასუხისმგებელი თავად ვიყავი.)
განსხვავება კი ისაა, რომ მე ვიცი, ეს თხოვნა არასწორია.
თავად შეკითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ამ შემთხვევაში არასწორია თავად მოსაუბრე. წლების განმავლობაში გავიაზრე, რომ სინამდვილეში ვერავინ გეტყვის თუ რომელ გზას უნდა გაჰყვე. სიამოვნებით ვკითხავდი ვინმეს, „მითხარით, საით უნდა წავიდე?“, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ კითხვაზე ვერავინ მიპასუხებდა. მე მხოლოდ ერთი მრჩეველი მყავდა: ჩემი თავი.
ურთულესი გამოცდაა იმის გააზრება, რომ არჩევანში, ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში, მთავარი შენი სულია, შენი ყველაზე შორეული და მშვიდი ნაწილი, რომელსაც უნდა მიჰყვე. ეს ძალიან, ძალიან მტკივნეულია; ღია ოკეანეში ცურვას ჰგავს: ყოველგვარი ორიენტირის გარეშე მიიწევ წინ და ყველაფრის მიუხედავად აგრძელებ გზას.
მე ღრმად მწამს, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში გარდამტეხია ის მომენტი, როდესაც გაიაზრებ, რომ ამ გაურკვევლობასა და ეჭვებს არ უნდა გაექცე, არ უნდა ელოდო, როდის დაგანახებს ვიღაც უფრო ნათელ და წინასწარ განსაზღვრულ გზას, რომელსაც უნდა მიჰყვე. სინამდვილეში, არ გვჭირდება სხვების მიერ უკვე გაცვეთილი პროექტები, არ გვინდა მეორადი ხედვები. ასეთ გზაზე სიარული უფრო მარტივი, ნაკლებად მტკივნეული და საიმედო იქნებოდა... თუმცა, არ იქნებოდა ნამდვილი, არ გასტანდა დიდხანს, ანდა კიდევ უარესი - გვაიძულებდა გვეცხოვრა პარალელური ცხოვრებით... გავიჭედებოდით სხვების სურვილებსა და იმ გარემოებებში, სადამდეც ეს მიგვიყვანდა ასე მიღებული გადაწყვეტილებები.
საჭიროა იმის აღიარება, რომ ეს სიცარიელე და დაბნეულობა არსებითია; უნდა გავიაზროთ, რომ ტკივილის გავლით მივაღწევთ სიმშვიდის იმ წერტილს, რომელთანაც არა გონებას, არამედ მხოლოდ სულს შეუძლია თავისუფლად გაგვიძღვეს. განუწყვეტლივ უნდა ვუსმინოთ ჩვენს სულებს.
საბოლოოდ კი ამას გეტყვი, ძვირფასო მეგობარო: ყველაფერს მიაფურთხე, ყველას თავაზიანად მოუსმინე, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ შენ შეგიძლია მისცე შენს თავს სწორი მიმართულება.
შენი თავის პატრონი თავად ხარ: მოუსმინე შენს თავს.
სისტემის დედაც!