პირის ღრუს ჰიგიენურ ბაზარზე 2020 წლის გამოწვევა ამ ტერმინების გამოყენებაა: „სქეილინგი“,„პოლირება“ თუ „წმენდა“

კომუნიკაციის შესწავლა - February 21, 2020

 

ტერმინებს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს...

კომუნიკაციისა და ქცევის ცვლილების თემა სტომატოლოგიაში უდიდესი ინტერესის სფეროდ იქცა. სწორედ ამან მიბიძგა იმისკენ, რომ გამომეკვლია იმ ტერმინთა ძალა, რომლებსაც პაციენტებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისას ვიყენებთ. ქცევითი ცვლილების მეთოდების გამოყენება შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობის და პირის ღრუს მოვლის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში უკვე არსებობს ფართო ქცევითი ცვლილებების მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოდელები (Ramseier & Suvan, 2010), როგორც ჩანს, სტომატოლოგიაში ცოტაა ინფორმაცია, რაც პაციენტებთან კომუნიკაციის დროს გამოყენებულ ტერმინთა არჩევანს შეეხება.

ამ სტატიაში განხილულია მტკიცებულებები არაქირურგიული, პაროდონტოლოგიური მკურნალობის შესახებ, რასაც თან სდევს ამ სიტყვების განხილვა: „სქეილინგი“ და „პოლირება“, „წმენდა“ და „გასუფთავება“ („scale“ and „polish“, „cleaning“ and „clean“). ითვლება, რომ ეს სიტყვები პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან ასოცირდება. ზოგიერთმა კლინიცისტმა უკვე შეცვალა და გააუმჯობესა თავისი პროფესიული ლექსიკა, მაგრამ ამის მიუხედავად, სტომატოლოგების უმრავლესობა მაინც იყენებს ტერმინებს: "სქეილინგი“ და „პოლირება“, „წმენდა“ („scale“ and „polish“, „cleaning“), რაც პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ტერმინებია.


მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კბილების რუტინული „სქეილინგი“ და „პოლირება“ განაპირობებს პაროდონტის ჯანმრთელობას მოზრდილებში.

2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული Cochrane-ის მიმოხილვა ჯამში 1711 მონაწილეს მოიცავდა (Lamont, Worthington, Clarkson, & Beirne, 2018). ავტორების მტკიცებით, 2-3 წლის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ კბილების გეგმურ სქეილინგსა და პოლირებაზე რეგულარული სტომატოლოგიური ვიზიტები, გავლენას არ ან უმნიშვნელოდ ახდენენ იმ მოზრდილების გინგივიტის, პაროდონტული ჯიბის სიღრმის ან ცხოვრების ხარისხზე, რომლებიც არ ავადობენ მძიმე ფორმის პაროდონტიტით. ასევე, 2 წლის განმავლობაში არ გამოვლინდა ნადების დონეში განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩატარებულმა სქეილინგმა და პოლირებამ ქვების რაოდენობას ამცირებდა, ამ ფაქტს მნიშვნელოვანი გავლენა კლინიკურ მნიშვნელობაზე ამ მოუხდენია.

გამომდინარე იქიდან, რომ Cochrane-ის მიმოხილვის თანახმად არ მოხდა გინგივიტის, ზონდირების სიღრმის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, კბილების სქეილინგი და პოლირება მსჯელობისა და დისკუსიის საგანი უნდა იყოს.

Needleman-ის 2015 წლის კვლევის თანახმად (Needleman, Nibali, & Di Iorio, 2015), თუ ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებისა და ქვის მოცილება ხდება მხოლოდ ხელით და გააქტიურებული ინსტუმენტების საშუალებით, ეს არ ამცირებს გინგივიტის მაჩვენებელს.

მტკიცებულებების თანახმად, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს ტერმინების - „სქეილინგი“ და „პოლირება“, „წმენდა“ გამოყენება პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურების კონტექსტში და გინგივიტის მკურნალობის მიდგომებიც საჭიროებს გადახედვას. ყურადღება უნდა გამახვილდეს პირის ღრუს ყოველდღიურ ინდივიდუალურ ჰიგიენაზე. პირის ღრუს ჰიგიენისტები და თერაპევტები სრულად აცნობიერებენ, თუ რა დროა საჭირო პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ინსტრუქტაჟის ჩატარებისთვის, ასევე ეფექტური ქცევითი ცვლილებების მოდელების დანერგვისა და შედეგების მისაღებად.

კიდევ ერთი კვლევამ შეისწავლა თუ რა შეხედულება აქვს პაციენტებს პაროდონტის დაავადებების მიმართ, რა დამოკიდებულება აქვს პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართ და როგორია პაროდონტოლოგიური მკურნალობის მოლოდინები (Abrahamsson, Wennström, & Hallberg, 2008). ინტერვიუს ფორმატის კვლევაში ავტორები ეკითხებოდნენ პაციენტებს, რას ფიქრობდნენ თავიანთ დიაგნოზზე მკურნალობამდე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პაციენტების აზრით, თავად მათ მცირე ზეგავლენის მოხდენა შეეძლოთ მკურნალობის პროცესის წარმართვაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა თუ მკურნალობის შედეგებზე. დასასრულს გამოიკვეთა პაციენტების მაღალი მოწყვლადობა და კომუნიკაციის საჭიროება სტომატოლოგიაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც პაციენტებს პირის ღრუს სწორი ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვის ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, გადაჭრის გინგივიტის პრობლემას და მოახდენს პაროდონტის დაავადებების პროგრესირების პრევენციას. (Axelsson & Lindhe, 1978).

ჰიგიენისტები, თერაპევტ-სტომატოლოგები და კომუნიკაცია

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სტომატოლოგიურ გუნდში, ჰიგიენისტები და თერაპევტ-სტომატოლოგები გამოირჩევიან კომუნიკაციის უფრო მეტი უნარით პირის ღრუს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. არ შეიძლება ჰიგიენის დეპარტამენტის მნიშვნელობის დაუფასებლობა, ვინაიდან მას ეკისრება უზარმაზარი როლი, რომ პაციენტები თავიანთი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს დამატებითი კომუნიკაციის აუცილებლობა პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. მტკიცებულებაზე დაფუძნებული ქცევითი ცვლილებების მოდელების გამოყენება უდავოდ აუცილებელი და ეფექტურია.

პირის ღრუს ჰიგიენაზე ორიენტირებული ვიზიტების დროს გამოყენებულ ტერმინთა  შერჩევის გამოწვევა.

პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის არაოპტიმალურ კომუნიკაციას და ტერმინთა შერჩევას შეუძლია იმოქმედოს იმ შედეგებზე, რისი მიღწევაც გვსურს.

მოდით დავსვათ ასეთი შეკითხვა - თუ სტომატოლოგთა მთელი პროფესიული გუნდი ერთობლივად ჩაანაცვლებს ტერმინებს „სქეილინგი და პოლირება“ ან „წმენდა“ სხვა სიტყვებით, რომლებიც უფრო შეესაბამება ჰიგიენურ მკურნალობას, საინტერესოა მოახდენს თუ არა ეს სხვაგვარ ზემოქმედებას პაციენტების აღქმასა და ვიზიტის მოლოდინზე? შეიძლება სიტყვები „სქეილინგი და პოლირება“ ამჟამად არასწორად გამოიყენება.

clinical pictures courtesy of Prof. Filippo Graziani 1

clinical pictures courtesy of Prof. Filippo Graziani

ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ პოლირება არის კოსმეტიკური პროცედურა. ეს არ არის მკურნალობის მიზანი, ჩვენ ვმკურნალობთ დაავადებას (ფოტოები მოწოდებულია პროფესორ ფილიპპო გრაციანის მიერ).

სინამდვილეში რას ნიშნავს პაციენტისთვის ტერმინები „სქეილინგი და პოლირება“ ან „წმენდა“?

თუ გვინდა, რომ პაციენტებს გასაგები გზავნილი გავუგზავნოთ, ტერმინები განსაკუთრებული სიზუსტით უნდა შევარჩიოთ.

ეს ტერმინები ვიზიტის შინაარსს ნამდვილად გადმოსცემენ? ეს ტერმინები სხვა სიტყვებით რომ გამოვხატოთ, მოახდენენ თუ არა ისინი გავლენას მკურნალობის შედეგებზე გრძელვადიან პერიოდში? იქნებიან თუ არა პაციენტები უფრო მშვიდად და ვიზიტის დროს აქტიურად ჩაერთვებიან თუ არა პირის ღრუს ჰიგიენაზე საუბარში? საინტერესოა რამდენად შეიცვლება მკურნალობის შედეგები იმ შემთხვევაში, თუ მთელი გუნდი პაციენტებს წინასწარ არ ეტყვიან, რომ ჩაეწერონ სქეილინგსა და პოლირებაზე ან წმენდაზე?

რას ვეტყვით და როგორ ვეტყვით - ეს არის უმნიშვნელოვანესი პაციენტებთან კომუნიკაციისას, იმისათვის, რომ გაიაზრონ პაროდონტის დაავადების მნიშვნელობა.

ეს თემა რამდენიმე კოლეგასთან განვიხილე, რომლებსაც მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვთ, ასევე სტატია გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში და მივიღე შემდეგი გამოხმაურება: მიღებული პასუხებიდან, უმრავლესობის აზრით, ტერმინები „სქეილინგი და პოლირება“, „წმენდა“ ხელს არ უწყობს მკურნალობის წარმატებული შედეგების მიღებას, რადგან ეს სიტყვები მრავალი გამოწვევის წინაშე გვაყენებს და ფაქტობრივად ნეგატიურად აისახება ექიმების როლსა და მკურნალობის მსვლელობაზე.

ქვემოთ მოცემულია მიღებული პასუხების მცირე რეზიუმე:

  • პაციენტები უყურებენ საათს, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ ჩაიტარებენ მხოლოდ სქეილინგსა და პოლირებას, ანუ იმას, რისთვისაც ჩაეწერნენ ვიზიტზე.
  • ღრძილების ჯანმრთელობას ან დაავადების გააზრებაზე მეტად უპირატესობას ანიჭებენ პოლირებას.
  • იმედგაცრუებული რჩებიან, თუ იღებენ სხვა მომსახურებას, რაც მათი აზრით არ შეესაბამება მთელი პირის ღრუს სქეილინგსა და პოლირებას;
  • პაციენტები, რომლებიც ელოდებიან სქეილინგისა და პოლირების მომსახურეობის მიღებას, შეიძლება გაღიზიანდნენ, თუ მათი მოლოდინი არ გამართლდა.
  • გაპრიალების პროცედურის ხშირად ჩატარება არ არის საჭირო, ზოგჯერ მისი არჩატარება პაციენტთან ურთიერთობაში პრობლემებს ქმნის.
  • მრავალი წელია, რაც იყენებენ ტერმინს „არჩევითი პოლირება“, თუმცა ტერმინი „სქეილინგი და პოლირება" არ გამოხატავს ამას.
  • ხშირად პაციენტებს გაპრიალების პროცედურა კოსმეტიკური მკურნალობა ჰგონიათ. მაგრამ მკურნალობის მიზანს ეს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენ ვმკურნალობთ თავად დაავადებას.
  • „მე მხოლოდ წმენდისთვის მოვედი“ - ეს ფრაზა აუფასურებს მკურნალობის სირთულესა და ექიმის როლს.
  • სოციალურ მედიაში გავრცელებული კამპანიები პროცესს ხელს არ უწყობს. ისეთი პროდუქციის რეკლამირება, როგორიცაა მაგალითად ნახშირის კბილის პასტა, ზრდის სწრაფი წმენდისა და დაუყოვნებელი შედეგების მოლოდინს და პაციენტებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამაში ცუდი არაფერია.

ამ ტერმინებზე მიღებული უკუკავშირის გამომდინარე, ზოგიერთი ჰიგიენისტი და თერაპევტ-სტომატოლოგი თავიანთი ჰიგიენური პროცედურების აღწერისთვის უკვე სხვა ტერმინებს იყენებს.

ცვლილებები გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვხვეწთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს ცოდნას.

ამ სტატიის შინაარსის საფუძველზე, გთავაზობთ ახალი ტერმინების ვარიანტებს:

  • პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ვიზიტი;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობის ვიზიტი;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მორგებული მკურნალობა;

ეს მხოლოდ შემოთავაზებული წინადადებებია, რომლებზეც ღირს მსჯელობა, მაგრამ ტერმინთა ცვლილებასთან ერთად, იცვლება ვიზიტების მნიშვნელობაც. თუ გუნდის ყველა წევრი გადაწყვეტს კომუნიკაციის გაგრძელებას ახალი სიტყვებით, დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს პაციენტების აღქმა და მოლოდინები ვიზიტის მიმართ.

საბოლოოდ, სქეილინგისა და პოლირების აუცილებლობა აღარ იარსებებს, რადგან აქცენტირება მოხდება პაციენტზე ორიენტირებულ მკურნალობაზე და არა ვიზიტის კონკრეტულ დასახელებაზე.

კოკრეინის მიმოხილვაც და ჩვენი სტატიაც მოწმობს, რომ სქეილინგისა და პოლირების ტერმინების გამოყენება არ ამართლებს. ეს შეიძლება გახდეს საკმარისად ძლიერი არგუმენტი საიმისოდ, რომ ჰიგიენის ვიზიტების აღწერისას და ჰიგიენური პროცედურების განმარტებისას, დავნერგოთ ახალი ტერმინები.

ეს მტკიცებულება წარმოადგენს პოტენციურ საფუძველს, რომ გადაიხედოს ჰიგიენაზე ორიენტირებული ვიზიტები და გაიზარდოს პაციენტების თანხმობა აღნიშნულ პროცედურაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც Cochrane-ის მიმოხილვა, რომელშიც მონაწილეობდა 1711 პაციენტი, მხარს არ უჭერს „სქეილიგნისა და პოლირების“ გამოყენებას. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რას გრძნობდნენ პაციენტები კვლევისას, როდესაც მათი ჩართულობა მკურნალობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე მკურნალობის შედეგების კონტროლის თვალსაზრისით, იყო დაბალი. შეიძლება პაციენტების დამოკიდებულება შეიცვალოს, თუ ისინი გაიაზრებენ, რომ შეუძლიათ უფრო მეტად აკონტროლონ ეს პროცესები, თუ აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენის მართვაში, რაც გავლენას მოახდენს მკურნალობის შედეგებზე.

პროფესიული განვითარების ყველა ეტაპზე, ვალდებულნი ვართ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ, ვინაიდან ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პროფესიულ ზრდას.


დასკვნა

სქეილინგთან და პოლირებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა მკურნალობის მიდგომების შეცვლა. ამ სტატიაში განხილული კვლევა ადასტურებს, რომ სწორედ ახლაა შესაფერისი დრო იმ ტერმინების დასანერგად, რაც ზუსტად ასახავს მკურნალობის მეთოდებს. პაციენტის აღქმისა და პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის მიმართ მოლოდინის გაზრდისათვის აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებები დაინერგოს მთელი გუნდის მიერ.

შემოთავაზებულ ტერმინთა კიდევ უფრო დახვეწა შეიძლება მომავალი კვლევის საგანი გახდეს, ასევე დამატებით საჭიროა მედიცინასა და სტომატოლოგიაში ტერმინთა შერჩევის ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლა. ამ საკითხის ირგვლივ შეიძლება მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარება.

პაციენტების განათლება და მოტივაციის ცვლილება უნდა მოხდეს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.


გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:

Abrahamsson, K. H., Wennström, J. L., & Hallberg, U. (2008). Patients’ views on periodontal disease; attitudes to oral health and expectancy of periodontal treatment: a qualitative interview study. Oral Health & Preventive Dentistry, 6(3), 209–216. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19119575

Axelsson, P., & Lindhe, J. (1978). Effect of controlled oral hygiene procedures on caries and periodontal disease in adults. Journal of Clinical Periodontology, 5(2), 133–151. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/275282

Lamont, T., Worthington, H. V., Clarkson, J. E., & Beirne, P. V. (2018). Routine scale and polish for periodontal health in adults. Cochrane Database of Systematic Reviews, 2018(12). https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24197669

Needleman, I., Nibali, L., & Di Iorio, A. (2015). Professional mechanical plaque removal for prevention of periodontal diseases in adults--systematic review update. Journal of Clinical Periodontology, 42 Suppl 16:S12-35. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25495962 

Ramseier, C. A., & Suvan, J. E. (Eds.). (2010). Health Behavior Change in the Dental Practice. Ames, Iowa USA: Blackwell Publishing, Inc. https://onlinelibrary.wiley.com/doi/book/10.1002/9781118786802