პაროდონტული შემანარჩუნებელი თერაპიის შესანიშნავი მიღწევები: Lindhe-ს da Axelsson-ის კვლევის შესახებ

პერიოკამპუსის ჟურნალის კლუბი - მარტი 02, 2020

 

2004 წელს Axelsson-მა და Lindhe-მ გამოაქვეყნეს მნიშვნელოვანი კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა პაროდონტოლოგიაში შემანარჩუნებელი თერაპიის მნიშვნელობას. სტატიაში პროფესორი კრისტიანო ტომასი საუბრობს სწორედ ამ კვლევის შესახებ და ხაზს უსვამს შემანარჩუნებელი თერაპიის მნიშვნელობას.


არის ერთი ფუნდამენტური სტატია, რომლის წაკითხვასაც ყველას გირჩევთ. მისი ავტორები არიან Axelsson, Nystrom da Lindhe (ნადების კონტროლის გრძელვადიანი გავლენა კბილების სიცოცხლისუნარიანობაზე და კარიესისა და პაროდონტის დაავადებების განვითარებაზე მოზრდილებში. 30 წლიანი შემანარჩუნებელი თერაპიის შედეგები) სტატია გამოქვეყნდა 2004 წელს ჟურნალში „Journal of Clinical Periodontology“. ეს სტატია ასახავს იმ პაციენტების დაკვირვების 30 წლიან შედეგებს, ვინც შემანარჩუნებელ თერაპიაზე იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს 20 წლით ადრე გამოქვეყნებულ ცნობილ კვლევაში. ეს კვლევა იმით გამოირჩევა, რომ ამტკიცებს შემანარჩუნებელი თერაპიის ფუნდამენტურ როლს პირის ღრუს დაავადებების მკურნალობასა და პრევენციაში და იმასაც, რომ მას არაჩვეულებრივი შედეგების მოტანა შეუძლია.

 

Professor Tomasi lecturing at Periocampus, Pisa, Italy

პროფესორი ტომასი პერიოკამპუსში ლექციის დროს, პიზა, იტალია.

კვლევაში მონაწილეობდა 350-ზე მეტი პაციენტი, რომლებიც თავდაპირველად 2 წლიანი კვლევის მონაწილეები იყვნენ, რომლის შედეგები 1981 წელს გამოქვეყნდა. შემდეგ ეს პაციენტები გადავიდნენ შემანარჩუნებელი თერაპიის პროგრამაზე, რომელიც მორგებული იყო თითოეული პაციენტის საჭიროებებს. პაციენტების განმეორებითი ვიზიტების რაოდენობის განსაზღვრა ხდებოდა ინდივიდუალურად, მათი რისკების გათვალისწინებით და შესაძლოა ყოფილიყო წელიწადში 4-ჯერ, 3-ჯერ ან ზოგიერთ შემთხვევაში - ერთხელაც კი. საინტერესო ისაა, რომ ყველა ამ პაციენტის გამოკვლევა ხდებოდა 30 წლის განმავლობაში. თუ ჩვენ დავაკვირდებით კბილის დაკარგვის, პაროდონტიტის და კარიესის პროგრესირების შედეგებს, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია! გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ისინი აკვირდებოდნენ პოპულაციას, რომელთა ასაკი 50 წელზე მეტი იყო. ადეკვატური შემანარჩუნებელი თერაპია და ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნება ფაქტობრივად გახდა ექსტრაქციის რისკის აბსოლუტური შემცირების მიზეზი, რადგან ამ ხნის განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობის კბილები დაიკარგა და ისიც, ძირითადად მოტეხილობის ან ტრავმის გამო. ფაქტობრივად მოხდა კარიესისა და პაროდონტიტის სრული კონტროლი. პაროდონტიტის ან კარიესის პროგრესირების გამო მხოლოდ 21 კბილი დაიკარგა!

რატომ არის ეს კვლევა ასე მნიშვნელოვანი?

ეს კვლევა ადასტურებს შემანარჩუნებელი თერაპიის უდიდეს როლს პაროდონტოლოგიურ მკურნალობაში და ასევე გვიჩვენებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნადებსა და ბაქტერიებს.

რაც შეეხება კვლევის სუსტ მხარეს: ყველა პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობდა ერთ კერძო კლინიკაში. აქედან გამომდინარე, ტარდებოდა ერთგვაროვანი მკურნალობა. ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე კვლევის შედეგების ინტერპრეტირებისას და სხვა ქვეყნებთან და კვლევების შედეგებთან შედარებისას. კვლევა ჩატარდა შვედეთში, სრულად კონტროლირებად პირობებში. მიუხედავად ამისა, ამ კვლევამ  დაამტკიცა მთავარი პრინციპი და თუ ამ პრინციპს დავიცავთ, ჩვენს პრაქტიკაშიც იმავე შედეგებს უნდა ველოდოთ.

მჯერა, რომ ეს კვლევა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პაროდონტოლოგიაში, ასევე კარიესოლოგიაშიც. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს სტატია, რადგან ის ძალიან ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის. გარდა ამისა, კვლევის დეტალურად წაკითხვისას ნახავთ, რომ იგი მოიცავს ძალიან საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, გრაფიკებს, რაც თვალსაჩინოს ხდის ჩემს მონათხრობს და ასახავს იმ დიდ შრომას, რაც ავტორებმა მონაცემების შეგროვებაში ჩადეს.

ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო კვლევა პაროდონტოლოგიაში, ამიტომ გირჩევთ, გამონახოთ დრო და ყურადღებით გაეცნოთ მას!