ხელების დაბანის უცნაური შემთხვევა

პაროდონტოლოგის წიგნაკი - June 30, 2020

ხელების დაბანა 60 წამის განმავლობაში.

პირველი წყვილი ხელთათმანის ჩაცმა.

დამცავი ხალათის ჩაცმა.

ქუდის დახურვა.

რესპირატორის გაკეთება.

სათვალის და ფარის გაკეთება.

მეორე წყვილი ხელთათმანის ჩაცმა.

სრული ეკიპირება მზადაა.

პირველ რიგში, ასისტენტმა უნდა გადაგიღოს ფოტო ფეისბუქზე ასატვირთად.

ამის შემდეგ, შეიძლება პაციენტის მკურნალობის დაწყება.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წყაროებიდან (EFP, 2020, Graziani et al. 2020) მივიღეთ რეკომენდაციები კლინიკაში „საბრძოლო“ ეკიპირებასთან დაკავშირებით, რომელიც პოტენციური უხილავი მტრისგან თავდაცვაში დაგვეხმარება. შეიძლება ის ვერ აღწევდეს ჩვენი ტყვიაგაუმტარი ჯავშნის მიღმა, მაგრამ იცის თავისი ეშმაკური გზებით როგორ მიაღწიოს სამიზნე ქსოვილებამდე - ლორწოვან გარსებამდე.

დარწმუნებული ვარ, ყველანი, ვინც პაროდონტოლოგიის დარგში მუშაობთ და ყოველდღიურად „ბანაობთ“ აეროზოლებით, დამეთანხმებით, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE – Personal Protective Equipment) არც ისე განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ვიყენებდით კლინიკებში. სოციალურ მედიაში მუდმივად განიხილება პაციენტების, თანამშრომელთა გუნდისა და პირადი უსაფრთხოების წესების დამატებითი მეთოდები.

ამავდროულად, PPE-ს საკითხის განხილვასთან ერთად, ადრინდელზე უფრო ხშირად გვხვდება ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაცია ხელების დაბანის პროცედურასთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, ხელების დაბანა ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის, არსებითი მოვლენაა, რასაც თითქოს დამატებითი ახსნა არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენც კი - პროფესიონალები, შეიძლება მას სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდეთ.

სანამ სხვა ადამიანებს მოვუწოდებდეთ, სამართლიანი იქნება, თუ ჯერ საკუთარ თავს შევაფასებთ კრიტიკულად. ზოგჯერ ხომ არ დამვიწყებია ბეჭდის მოხსნა მუშაობის დაწყებამდე? დამზარებია ლამაზი სამაჯურის მოხსნა, რადგან მისი ხელახლა გაკეთება მიჭირს? ფრჩხილები დასაშვებზე ოდნავ გრძელიც გამიზრდია? მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ - დიახ. თუმცა ჩემს ხელებზე აქერცლილი კანი ხელის დაბანის ინტენსივობაზე მიანიშნებს, რადგან მე ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ.

Periocampus Herald - Washing your hands

უნივერსიტეტის პედაგოგი ვარ და ხშირად არასასიამოვნოდ მაკვირვებენ მეხუთე კურსის სტუდენტები, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ ამ ყველაფრის მნიშვნელობას. ხშირად მინახავს, ხელთათმანის გახდის შემდეგ, როგორ დასტაცებენ ხელს საკვებს კაფეტერიაში, ეხებიან კიბის მოაჯირებს. ისიც კი შემინიშნავს, როგორ იცვამენ ხელთათმანს პირდაპირ, ხელის დაუბანლად და ამგვარად ფუთავენ ხელებზე არსებულ მიკრობებს ნიტრილისა და ლატექსის ხელთათმანში. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ სტუდენტები სწავლას დახვეწილი უნარებით ამთავრებენ, აღწევენ მკურნალობის საოცარ შედეგებს, მათ მაინც არ აქვთ საკმარისი თვითშეგნება ისეთ ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა, ხელების დაბანა. არადა, მათ ხომ კლინიკური პრაქტიკის ამხელა გზა გაიარეს.

ტრაგიკული გმირის ისტორია

ზოგს ჰგონია, რომ ხელების დაბანა ჩვენს პრაქტიკაში დიდი ხანია არსებობს. თუმცა როგორც ბევრი სხვა ცნება, რაც 2020 წელს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, (მაგ: დაავადების ბაქტერიული წარმოშობის თეორია, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავ) არ გამოიყენებოდა ერთი საუკუნის და თუნდაც რამდენიმე ათწლეულის წინ.

ანტისეპტიკური პროცედურების პრინციპები თავდაპირველად არაჩვეულებრივმა ადამიანმა, ტრაგიკულმა გმირმა შექმნა. დღეს  მის გენიალურობას ვაღიარებთ, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანამედროვეთა მიერ მეტად დაუფასებელი გახლდათ. ინაზ სემელვაისი (Ignaz Semmelweis) იყო მკურნალი ექიმი, ვიწრო სპეციალიზაციით - მეანი. მუშაობდა ავსტრიაში, ვენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სამეანო კლინიკაში, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში (Manor, Blum, & Lurie, 2016). იმხანად ვენის ჰოსპიტალს ჰქონდა ორი სამეანო კლინიკა, ერთს ექიმები მართავდნენ და ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სასწავლო კლინიკას წარმოადგენდა. ხოლო მეორეს ბებიაქალები განაგებდნენ. სემელვეისმა შენიშნა, რომ მის განყოფილებაში ნამშობიარებ პაციენტებში 3-ჯერ უფრო ხშირი იყო მშობიარობის შემდგომი სეფსისი, (Colebrook, 1956). იმ დროს გავრცელებული იყო დაავადება, რომელიც იწვევდა ახლადნამშობიარები ქალების 10 %-ის სიკვდილს. დღეს კი ცნობილია, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა (ყველაზე ხშირად Streptococcus pyogenes). ირონიულად ჟღერს, მაგრამ იმხანად შინ მშობიარობა უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე უდიდეს ევროპულ ჰოსპიტალში.

გაითვალისწინეთ, რომ მაშინდელი მედიცინა სულ სხვანაირი იყო. მართალია, სემელვაისის უშუალო სპეციალიზაცია სამეანო საქმე იყო, მაგრამ მან დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოდ თანამედროვე მედიცინისა და, ჩემი აზრით, სტომატოლოგიის განვითარებაშიც. როგორც ატულ გავანდე (Atul Gawande), არაჩვეულებრივი თანამედროვე მედიკოსი ამბობს, „ყველას შეაქვს საკუთარი წილი პაციენტებზე ზრუნვის საქმეში“ TED, 2012). სემელვაისის დროს, ექიმი პრაქტიკას იწყებდა გვამების გაკვეთით, მხოლოდ შემდეგ გადადიოდა ცოცხალ სხეულზე და იღებდა მშობიარობას. მოულოდნელად იღუპება სემელვაისის მეგობარი და თანამოაზრე, ექიმი იაკობ კოლეტსკა (Jacob Kolletscka). გარდაცვალების მიზეზი გახდა გვამის გაკვეთის დროს მიღებული თითის უმნიშვნელო ჭრილობა და შემდეგ განვითარებულ სეფსისი. მისი სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ გვამს ისეთივე დაზიანება ჰქონდა, როგორიც ერთ-ერთ ნამშობიარებ ქალს. სემელვაისმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ დაავადებას იწვევს რაღაც აგენტი, რომელიც გვხვდება გვამებში. 1847 წელს მან ვერ შეძლო ამ აგენტისთვის სახელის დარქმევა. წლების შემდეგ ლუი პასტერმა (Louis Pasteur) აღმოაჩინა ლპობის გამომწვევი ბაქტერიები (1956); ათწლეულებით ადრე ჯონ ლისტერმა დაამტკიცა და დაადასტურა ექიმის ხელებით ბაქტერიული ინფექციების გადაცემის რისკი (1867); რობერტ კოხმა გამოთქვა ვარაუდები და პოსტულატები დაავადების ბაქტერიული თეორიის შესახებ (1890) (Cavaillon & Chrétien, 2019).

რა ჰქონდა საერთო ამ ყველაფერს ხელების დაბანასთან? სემელვაისმა შემოიტანა ხელის დაბანისა და დეზინფექციის პრაქტიკა ქლორირებული ლიმონიანი სითხით და ამით მიიღო მედიცინის ისტორიაში ჯერ არნახული, დაუჯერებელი შედეგი, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში 1,5%-მდე შემცირდა.

როგორც იცით, საზოგადოება სიახლეებს ეჭვის თვალითა და ზოგჯერ აგრესიით უყურებს, მაშინაც კი როცა ამ სიახლეს ზურგს უმაგრებს რეალური მტკიცებულებები. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და კოლეგებმა სემელვაისის ჰიპოთეზა მის წინააღმდეგ გამოიყენეს. შედეგად სემელვაისმა ხანმოკლე სიცოცხლე 47 წლის ასაკში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაასრულა (Loudon, 2000). მიუხედავად ამისა, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ყველაზე საბაზისო პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე მედიცინა და სტომატოლოგიური პრაქტიკა.

გადახეხილი (სუფთა) ხელები

ხელთათმანი პირველად მედიცინაში 1889 წელს გამოჩნდა და იქცა სტანდარტად, რომლის გარეშეც მუშაობა უკვე წარმოუდგენელია. თუმცა, ხელთათმანების მოხმარება არ ნიშნავს ხელის დაბანის უგულებელყოფას!

ხელის ჰიგიენის დაცვის რამდენიმე საშუალება არსებობს, მაგალითად ანტისეპტიკური დამუშავება გამდინარე წყლითა და აქტიური ინგრედიენტების შემცველი წყალხსნარით (ქლორჰექსიდინი, პოვიდონ-იოდი და ა.შ), ასევე ხელის გასუფთავება სპირტის შემცველი ხსნარის გამოყენებით,). თუ ეს საშუალებები ინსტრუქციის მიხედვით იქნება გამოყენებული, ისინი შეამცირებენ კოლონიზებული ბაქტერიების რაოდენობას და ქირურგიული ზონის ინფიცირების პრევენციას მოახდენენ. თუმცა მტკიცებულებებით არ დასტურდება რომელიმე კონკრეტული მეთოდის უპირატესობა (Tanner, Dumville, Norman, & Fortnam, 2016).

ზემოთქმულის გარდა, დღეს, ჩვეულებრივი, კარგად ნაცნობი საპონიც კი საკმარისია ბილიპიდური ვირუსული ფენის გასანადგურებლად. იგი ისევე კარგად უმკლავდება ვირუსულ ფენას, როგორც სპირტის შემცველი ხსნარები  (Kratzel et al., 2020).

მთავარი ხრიკი! დაფიქრდით - საკმარისად ხშირად, საკმარისად ხანგრძლივად და სწორად იბანთ ხელებს?

 

ყველანი ხელთათმანებით აღჭურვილნი

დღის განმავლობაში უამრავჯერ ვიცვამთ და ვიხდით ხელთათმანს ისე, რომ არ ვსვამთ შეკითხვას - სრულად გვიცავს თუ არა ხელთათმანი ბიოლოგიური სითხეებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან? ხელთათმანი ხომ უნაკლო არ არის, მას აქვს ფორები.

2006 წელს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გამოსცა დადგენილება ქირურგიული და არასტერილური ხელთათმანების სტანდარტის შესახებ. დეფექტის მისაღები მაჩვენებელი განისაღვრა 1,5% და 2,5%-ის შესაბამისად. ცხადია, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ციფრები და ეკონომიკური არგუმენტაცია. ნაწილობრივ შემცირდა სისხლის გზით გადამდებ დაავადებათა გავრცელება, დაფიქსირდა HIV (აივ), B და C ჰეპატიტის დაახლოებით 0,6 შემთხვევა, ასევე 1 წლის განმავლობაში ჩატარდა 100 000 სისხლის სკრინინგ ანალიზი (FDA, 2006).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიყენებთ უდეფექტო ხელთათმანს (ხელთათმანი აუცილებლად შეამოწმეთ გამოყენებამდე), უნდა გვახსოვდეს, რომ გამოყენების დროს ხელთათმანებს უჩნდებათ მიკრო ფორები. მოდით, ნუ ვიქნებით ეგოისტები და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე - მიკროფორების გზით ხომ მიკროორგანიზმები გარედან შიგნითაც აღწევენ და საპირისპირო მიმართულებითაც, ექიმის ხელის კანიდან ხელთათმანის გარეთა ზედაპირზე (Jamal & Wilkinson, 2003). ხელთათმანის შიგნით ტენიანი და თბილი გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი სივრცეა. მათი რაოდენობა იზრდება დროთა განმავლობაში. ეს ხდება მკურნალობამდე ხელის დეზინფექციის მიუხედავად, რადგან სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიები კანის ნაოჭებში და თმის ფოლიკულებში რჩებიან (Wistrand, Söderquist, Falk-Brynhildsen, & Nilsson, 2018).

ორმაგი ხელთათმანის გამოყენება ასევე შემოთავაზებულია, როგორც PPE-ს ნაწილი პანდემიის პერიოდში. თუმცა მყარი პრაქტიკული დასკვნების გასაკეთებლად მეტი მტკიცებულებაა საჭირო. Cochrane-ის 2016 წლის სისტემური მიმოხილვა ხაზს უსვამს, რომ დამატებით მეორე წყვილი ქირურგიული ხელთათმანის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შიდა ხელთათმანის პერფორაციას. არსებული ვირუსის ხელთათმანში პენეტრირება (შეღწევა) არ დასტურდება, რადგან გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. დღემდე არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ მისი გადაცემა შეიძლება მოხდეს სისხლით.

თამაშში ერთვება ადამიანის ფსიქოლოგია

ადამიანები მიდრეკილნი ვართ შემეცნებითი მიკერძოებულობისკენ, რომელიც განისაზღვრება, როგორც „განსჯისას ნორმიდან ან რაციონალურობიდან გადახრის სისტემური მოდელი“. მათ შორისაა კითხვაზე არასწორი ან ყალბი პასუხის გაცემის ტენდენცია. მკვლევრებმა კარგად იციან, რომ მიკერძოებულობის ფენომენი ხშირად გავლენას ახდენს თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე ჩატარებულ კვლევებზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ადამიანები მიდრეკილნი ვართ იმისკენ, რომ ჩვენი თავი უკეთესი მხრიდან წარმოვაჩინოთ.

მოდით, ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი: თუ დაგისვამთ მარტივ შეკითხვას: რა სიხშირით და რამდენ ხანს იბანთ ხელს - რა პასუხს გასცემთ? დიდი ალბათობით, რეალობას ოდნავ მაინც შეალამაზებთ. არადა, შესაბამისი კვლევითაც კი დასტურდება, რომ სამედიცინო პერსონალის გამოკითხვისას, ხელის დაბანის ხანგრძლივობას იმაზე მეტს მიუთითებენ, ვიდრე ეს სინამდვილეში ხდება. (Contzen, De Pasquale, & Mosler, 2015). ამას ნაწილობრივ განაპირობებს საზოგადოებისთვის მოსალოდნელი პასუხი - ყველამ იცის, რომ ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. ეს ჭეშმარიტება იციან ჩვენმა კოლეგებმაც; ამრიგად, ჩვენ ვაცნობებთ რეალობის უკეთეს ვერსიას.

თუ  მიკერძოებას აცნობიერებთ, მიეცით საკუთარ თავს ერთგვარი თვითდაკვირვების საშუალება და ხელახლა უპასუხეთ ზემოთ დასმულ შეკითხვას. ნებისმიერი სხვა ჩვევის მსგავსად, ხელების ჰიგიენის გაუმჯობესება შესაძლებელია საზოგადოების, ჩვენი თანამშრომლების, სტუდენტებისა და საკუთარი თავის მუდმივი განათლებისა და ვარჯიშის გზით.

ხელახლა ნასწავლი გაკვეთილი

დავუბრუნდეთ ინაზ სემელვაისის ამბავს და გავიაზროთ, რომ ეს მართლაც ტრაგიკული შემთხვევა ერთ-ერთია იმ მრავლიდან, რაც კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ან მომავალშიც მოხდება. საბოლოოდ, ამ ადამიანის პირადი და პროფესიული ტრაგედიიდან რაღაც კარგი დაიბადა. ამრიგად, გირჩევთ, თვალი გაუსწოროთ უარყოფით მოვლენებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათშიც კი დადებითი მხარეები ეძებოთ. პირობას გაძლევთ, რომ მეც სწორედ ასე მოვიქცევი! ამ პანდემიამ შეგვახსენა და თავიდან გვასწავლა ისეთი პრაქტიკული ქცევები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდით. იქნებ ეს შანსი ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ?! ხელი აიწიოს მან, ვისაც ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურს!


გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:

Cavaillon, J. M., & Chrétien, F. (2019). From septicemia to sepsis 3.0—from Ignaz Semmelweis to Louis Pasteur. Genes and Immunity, 20(5), 371–382.  https://www.nature.com/articles/s41435-019-0063-2 

Colebrook, L. (1956). The story of puerperal fever—1800 to 1950. Obstetrical and Gynecological Survey, 11(4), 513–515. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1978745/ 

EFP. (2020). EFP suggestions for the management of a dental clinic during the Covid-19 pandemic. Retrieved May 30, 2020, from https://www.efp.org/publications/covid-19.html 

FDA. (2006). Medical Devices; Patient Examination and Surgeons’ Gloves; Test Procedures and Acceptance Criteria. Final Rule. Federal Register, 71(243), 75865–79. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/17294550/ 

Jamal, A., & Wilkinson, S. (2003). The mechanical and microbiological integrity of surgical gloves. ANZ Journal of Surgery, 73(3), 140–143. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/12608978/ 

Kratzel, A., Todt, D., V’kovski, P., Steiner, S., Gultom, M., Thao, T. T. N., … Pfaender, S. (2020). Inactivation of Severe Acute Respiratory Syndrome Coronavirus 2 by WHO-Recommended Hand Rub Formulations and Alcohols. Emerging Infectious Diseases, 26(7). https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32284092/ 

Loudon, I. (2000). The Tragedy of Childbed Fever. Oxford, UK: Oxford University Press. https://www.oxfordscholarship.com/view/10.1093/acprof:oso/9780198204992.001.0001/acprof-9780198204992 

Manor, J., Blum, N., & Lurie, Y. (2016). “No Good Deed Goes Unpunished”: Ignaz Semmelweis and the Story of Puerperal Fever. Infection Control and Hospital Epidemiology, 37(8), 881–887. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/27181742/ 

Tanner, J., Dumville, J. C., Norman, G., & Fortnam, M. (2016). Surgical hand antisepsis to reduce surgical site infection. Cochrane Database of Systematic Reviews, 2016(1). https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/26799160/ 

TED. (2012). How do we heal medicine? Retrieved May 30, 2020, from https://www.ted.com/talks/atul_gawande_how_do_we_heal_medicine/transcript#t-546795 

Wistrand, C., Söderquist, B., Falk-Brynhildsen, K., & Nilsson, U. (2018). Exploring bacterial growth and recolonisation after preoperative hand disinfection and surgery between operating room nurses and non-health care workers: A pilot study. BMC Infectious Diseases, 18(1), 1–8. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/30223772/ 

Nuland, S.B. (1988). Doctors. New York, USA: Knopf. https://www.penguinrandomhouse.com/books/122994/doctors-by-dr-sherwin-b-nuland/ 

Contzen, N., De Pasquale, S., & Mosler, H. J. (2015). Over-reporting in handwashing self-reports: Potential explanatory factors and alternative measurements. PLoS ONE, 10(8), 1–22. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4547747/ 

Kitsanapun, A., & Yamarat, K. (2019). Evaluating the effectiveness of the “germ-free hands” intervention for improving the hand hygiene practices of public health students. Journal of Multidisciplinary Healthcare, 12, 533–541. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6628857/