იცოდით თუ არა რომ... - June 30, 2020
ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ისტორიული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან ეპოქაში გვიწევს ცხოვრება; ეს პერიოდი გავლენას ახდენს არა მხოლოდ სოციალურ ცხოვრებაზე, არამედ კლინიკურ პრაქტიკაზეც. ჩვენი კვალიფიკაციის, წოდებისა და გამოცდილების მიუხედავად, მუდმივად ვცდილობთ არ გამოვაკლდეთ კონგრესებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რაც ცოდნის მიღების დაუოკებელი სურვილით არის განპირობებული... ეს ახალ ტექნოლოგიებში, ახალ სამეცნიერო ნაშრომებსა და კლინიკურ მიდგომებში გათვითცნობიერების სურვილია. ამრიგად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ინოვაციებსა და თანამედროვე სიახლეებს. ახლა კი დავფიქრდეთ, რამდენად შეიძლება, ფეხდაფეხ მივყვეთ სიახლეებს კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში? როდესაც მაქსიმალურად უნდა შევამციროთ აეროზოლების წარმოქმნა? დღეს ეს შეუძლებელია.
1980 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად დაფიქსირდა უცნობი სინდრომის შემთხვევები, რომელსაც შემდგომ აივ ინფექცია (შიდსი) ეწოდა და თანდათან გავრცელდა ევროპასა და ინგლისში. თავდაპირველად, მკლევარები გაურკვევლობაში აღმოჩდნენ, ხოლო გაზეთები აქტიურად ახდენდნენ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ხალხის სტიგმატიზაციას. ვირუსის იზოლაცია კი მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ მოხერხდა და 1986 წელს მას უწოდეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV). (https://www.epicentro.iss.it/aids/storia). მომდევნო წლებში დაიწყო პანიკა სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროებში, მათ შორის - სტომატოლოგიაშიც, რამაც გამოიწვია ბიოლოგიურად საშიში პროცედურების პროფილაქტიკის დანერგვის აუცილებლობა, რომლებსაც დღემდე აქტიურად ვიყენებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციები და მათი ჯვარედინი გავრცელება ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში.
მანუალური ტექნიკების გამოყენება
დღესდღეობით, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჯერ მხოლოდ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ვცდილობთ უფრო მეტი გავიგოთ ვირუსის შესახებ და სტომატოლოგიური პრაქტიკა ისე ვაწარმოოთ, რომ არ მოხდეს მისი გავრცელება.
სწორედ ამიტომ, პერსონალური დაცვის საშუალებების (PPE) გარდა, არსებობს ასევე მკურნალობის ჩატარების საგანგებო მითითებები. ამ სტატიაში განვიხილავთ აეროზოლების შეკავების ხანგრძლივობას (თუ ვიქნებით ლმობიერები) და შესაძლო ელიმინაციას (თუ ვიქნებით კატეგორიულები) მაშინ, როდესაც ინფიცირებულ პაციენტებში ნერწყვი აღიარებულია, როგორც ვირუსის რეზერვუარი (Izzetti et al. 2020). ჩვენს თავს ვუსვამთ შეკითხვას: შესაძლებელია თუ არა ჩვენი კლინიკური პრაქტიკის გარდაქმნა და მხოლოდ მანუალური ტექნიკის წარმატებით გამოყენება?
პაროდონტოლოგიისა და იმპლანტაციის სფეროში გამოიყენება ბგერითი/ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი სისტემები. დღეს არსებული გარემოება ცვლის ჩვენს კლინიკურ რუტინასა და პროტოკოლებს, რაც რა საკვირველია იწვევს დისკომფორტს ან რაიმე სახის შფოთვას, ვინაიდან იძულებულები ვხდებით, გამოვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან. სინამდვილეში, კარგად ვიცით, რომ კიურეტების გამოყენებას სჭირდება სათანადო მანუალური უნარები, რაშიც ყველა გაწაფული არ არის. გავიხსენოთ პროფესორი გრაციანი, რომელიც ამბობს: „ეს მკლავების სამუშაოა და არა თითებისა და მაჯის.“
თუმცა, პაროდონტოლოგიური მკურნალობის თვალსაზრისით, სამეცნიერო კვლევებში ხაზგასმით აღნიშნავენ სწორად ჩატარებული მანუალური ღრძილქვეშა ინსტრუმენტირების თანაბარ ეფექტურობას ბგერით და ულტრაბგერით აპარატებთან შედარებისას (Suvan et al. 2019). ისმის კითხვა, თუ რა შეიძლება იყოს კრიტიკული წერტილი? პირველი მიზეზი არის მანუალურ ინსტრუმენტთა გამოყენების სირთულე, ღრძილქვეშა ბიოაპკისა და ქვის ინსტრუმენტირების არაეფექტურად ჩატარების რისკი ან ფესვის ზედაპირის დაზიანება. კიდევ ერთი დაკვირვება ეხება ფიზიკურ და გონებრივ ძალისხმევას, რომელიც უდავოდ იზრდება იმ შემთხვევაში, თუკი უარს ვამბობთ მექანიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. მიუხედავად ყველაფრისა, ეს შესაძლებელია!
განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმპლანტების ირგვლივი ქსოვილების დაავადებების პროფილაქტიკის ნაწილში. ჩვენს მთავარ მიზნად იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მუკოზიტისა და პერი-იმპლატიტის განვითარების თავიდან აცილებას მივიჩნევთ. ბოლო მსოფლიო ვორქშოფზე, რომელიც ეხებოდა პაროდონტისა და პერი-იმპლანტური ქსოვილების დაავადებათა და მდგომარეობათა კლასიფიკაციას, პერი-იმპლანტიტი განისაზღვრა, როგორც ნადებთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს იმპლანტის ირგვლივ ქსოვილებში, ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებით და შემდგომ ძვლის დაკარგვით (Berglundh et al., 2018). როგორც ვიცით, პერი-იმპლანტიტის მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორი იმპლანტის ზედაპირზე დაგროვილი ბაქტერიული ბიოაპკია, ჩვენი მიზანი კი სწორედ ამ ბიოაპკის მოცილებაა. ბაქტერიული ბიოაპკის დეზინტეგრაციის, იმპლანტის ზედაპირისა და ღარების მთლიანობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტურ საშუალებას ჰაერ-ჭავლოვანი სისტემების გამოყენება წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ Cha et al-ის (2019) მიერ ჩატარებულ საინტერესო ინ ვიტრო კვლევაზე. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულ იქნა 5 ჯგუფად დაყოფილი, ქვიშა-ჭავლით დამუშავებული და გრავირებული ზედაპირის 72 იმპლანტი, რომელიც ერთმა ოპერატორმა 120 წამის განმავლობაში დაამუშავა. გამოყენებული იყო ინსტრუმენტირების შემდეგი ტიპის პროტოკოლი: ჩატარდა ლითონის თავით ულტრაბგერითი აპარატით ინსტრუმენტირება, PEEK ცხვირის, მრგვალი ბრუნავი ტიტანის ჯაგრისის (R-Brush), იმპლანტებისთვის განკუთვნილი ტიტანის ბოჭკოების ჯაგრისის (TN-Brush) და გლიცინით ღრძილქვეშა ჰაერ-ჭავლოვანი პოლირების გამოყენება. კვლევის შედეგებმა აჩვენა იმპლანტის ღარების მნიშვნელოვანი ცვლილება ლითონის თავის, ხოლო მცირე ცვლილება PEEK ცხვირის გამოყენების შემდეგ; მაშინ, როცა R-Brush და TN-Brush ჯაგრისების შემთხვევაში, სახეზეა იმპლანტის ზედაპირის სრული პოლირება და ჰომოგენური ზედაპირის მიღება. და ბოლოს, გლიცინის ფხვნილით დამუშავებულ იმპლანტის ზედაპირებზე გამოიკვეთა მხოლოდ მინიმალური ცვლილებები.
დასკვნები
დღეს მთავარ შეკითხვას წარმოადგენს თუ როგორ გავუმკლავდებით ახალ გამოწვევებს. ყოველ დილით ვიღვიძებთ და ვემზადებით დასახული მიზნების შესასრულებლად. ყოველდღიურ განრიგში გვყავს ახალი პაროდონტოლოგიური პაციენტები, ისევე როგორც ძველი პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი მოტივაცია, ანდა ისეთი პაციენტები, რომლებიც მძიმე დანაკლისს განიცდიან და ზუსტად არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ, როდესაც ისინი კაბინეტში შემოვლენ. შეგვიძლია დაუსრულებლად ვიმსჯელოთ პაციენტებზე, რომელთაც მოტივირება სჭირდებათ, თუმცა, ამ ეტაპზე, ერთი მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოტივაციის გაძლიერება იმპლანტირებულ პაციენტებში, ვიდრე პაროდონტულ პაციენტებთან; მეორე მხრივ, დღევანდელ გამოწვევას, ემპათიური და კონცეპტუალური მიდგომის გარდა, მანუალურ დონეზეც უნდა მივუდგეთ, რომ სათანადოდ დავიცვათ სამუშაო რეკომენდაციები აეროზოლების გამოყოფის უკეთ სამართავად. დაბოლოს, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ეს ჩვენი ცხოვრების მხოლოდ გარკვეული ეპიზოდია, არა ტრაგიკული, არამედ კონსტრუქციული. არ უნდა ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას, ვიმოქმედოთ მეცნიერებისა და საკუთარი სინდისის შესაბამისად, ყველა აუცილებელი შეზღუდვის გათვალისწინებით.
გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:
Izzetti , R., Nisi, M., Gabriele, M. & Graziani, F. (2020). COVID-19 Transmission in Dental Practice: Brief Review of Preventive Measures in Italy. Journal of Dental Research, 2020 Apr 17:22034520920580. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32302257
Suvan, J., Leira, Y., Moreno, F., Graziani, F., Derks, J. & Tomasi, C. (2019). Subgingival Instrumentation for Treatment of Periodontitis. A Systematic Review. Journal Clinical Periodontology. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31889320
Cha, J. K., Paeng, K., Jung, U. W., Choi, S. H., Sanz, M. & Sanz-Martín, I. (2019). The Effect of Five Mechanical Instrumentation Protocols on Implant Surface Topography and Roughness: A Scanning Electron Microscope and Confocal Laser Scanning Microscope Analysis. Clin Oral Implants Res. 2019 Jun;30(6):578-587. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31022305
Berglundh, T., Armitage, G., Araujo, M. G., Avila‐Ortiz, G., Blanco, J., Camargo, P. M., … Zitzmann, N. (2018). Peri‐implant diseases and conditions: Consensus report of workgroup 4 of the 2017 World Workshop on the Classification of Periodontal and Peri‐Implant Diseases and Conditions. Journal of Periodontology, 89(Suppl 1), S313–s318. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/29926955/