რამდენად უიმედო შეიძლება იყო?

პერიო ფიქრისთვის - February 20, 2020

 

გავბედავ და ვიტყვი, რომ „უიმედო კბილის“ ცნება გარკვეულწილად რთული და დელიკატური საკითხია. ჩემი ოცწლიანი კარიერის განმავლობაში, ასეთი დილემის წინაშე ბევრჯერ ვყოფილვარ. როგორც წესი, უიმედო კბილად შეიძლება ჩაითვალოს კბილი, რომელიც დაავადდა იმ დონემდე, რომ მისი შენარჩუნება პაციენტისთვის არაკეთილსაიმედო და შეიძლება საზიანოც კი იყოს. მაგალითისთვის, კბილის ვერტიკალური მოტეხილობა მისი ექსტრაქციის პირდაპირი ჩვენებაა.

ძვლის გამოხატული ვერტიკალური რეზორბცია, ღრმა პაროდონტული ჯიბეები თანმხლები ძვალშიდა დეფექტებით, III ხარისხის ფურკაციის დაზიანება, განსაკუთრებით ზედა ყბაზე, ენდო-პაროდონტული დაზიანება, ძვლის რეზორბცია ფესვის მწვერვალოვანი ნაწილის მიდამოში, III ხარისხის მორყევა კლინიკური მიმაგრების დარღვევით და სხვა, ხშირად პაროდონტოლოგიურ პრაქტიკაში ფასდება, როგორც კბილის პროგნოზის განმსაზღვრელი ფაქტორები.

მკურნალობის სწორი გეგმის შედგენისას, განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს იმ კრიტერიუმების ცოდნა, რომელთა მიხედვითაც ექიმი კბილის ექსტრაქციის გადაწყვეტილებას იღებს. ეს ეხება არა მხოლოდ საეჭვო კბილის ბედს, არამედ მეზობელ კბილებსაც. 70-90-იანი წლების ოქროს ხანაში, მეზობელი კბილების ბედის განსაზღვრა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ვითარებას ართულებდა ის გარემოება, რომ გამოქვეყნებული იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, ხოლო არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა დასკვნების გაკეთებისა  და შედეგების განზოგადების საშუალებას.

ეს კლინიკური დილემა დღესაც აქტუალურია. ყველას გვყოლია პაციენტი, რომელიც ამბობს: „თუ კბილი არ მტკივა, რატომ უნდა ამოვიღო?“ ცხადია, ერთ-ერთი პასუხი, რომელიც ბევრჯერ მომისმენია, არის: „რადგან ამ კონკრეტულმა კბილმა შეიძლება დააზიანოს მეზობელი, ჯანმრთელი კბილი“.

 

Pre-opზედა მარცხენა ცენტრალური საჭრელის ქირურგიული მკურნალობის პროცესის ამსახველი ფოტო.

თუმცა, კლინიკური და სამეცნიერო თვალსაზრისითაც ვიცით, რომ ფესვის აპიკალური მიდამოს პაროდონტის ქსოვილების დაზიანების მქონე კბილების შენარჩუნებაც კი შეგვიძლია, თანაც დიდი ხნით. ყველას გვინახავს უზარმაზარი პერიაპიკალური დაზიანებების რეგენერაცია, უბრალოდ, ტრადიციული ორთოგრადული ენდოდონტიური მკურნალობის შედეგად. დარწმუნებული ვარ, ყველას გვქონია ისეთი კლინიკური შემთხვევები, უიმედო კბილების კატეგორიას რომ უნდა მიეკუთვნებოდეს, თუმცა ისინი წლების შემდეგაც კი განაგრძობენ ფუნქციონირებას პირის ღრუში.

საინტერესოა, რა მოხდება თუ ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ ფასად შევეცდებით პირის ღრუში არსებული თითოეული კბილის შენარჩუნებას?! ამ წარმოსახვით ექსპერიმენტში ჩვენი პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საუკეთესო სპეციალისტი და არ უნდა ჰქონდეს რაიმე ფინანსური შეზღუდვა. უნდა ჩატარდეს ყველა შესაძლო ენდოდონტიური\რესტავრაციული\პაროდონტოლოგიური მკურნალობა. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში შეიცვლებოდა თუ არა მკურნალობის გეგმა და თუ შეიცვლებოდა - როგორ? ახლა კი რეალობასა და პრაგმატიზმს დავუბრუნდეთ: ჩვენ მაქსიმალურად კვალიფიციურად ვმკურნალობთ პაციენტს, თუმცა ფინანსური შეზღუდვა მკურნალობის დაგეგმარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. და მაინც, თავს ვერაფერს ვუხერხებ და ვსვამ კითხვას: სწორად ვიქცევი, როდესაც კბილის ექსტრაქციის გადაწყვეტილებას ვიღებ?

სამწუხაროდ, ამ ყოველდღიური კლინიკური დილემის გადაწყვეტის ზუსტი გზა ჩემთვის კვლავ ბუნდოვანია. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რთული დეფექტების შესახებ მეტი პუბლიკაციის გამოქვეყნების ფონზე, დროთა განმავლობაში, კბილების შენარჩუნების სტრატეგია კიდევ უფრო გაძლიერდება. კბილის ექსტრაქციის ჩვენებები მართლაც ყოველწლიურად იცვლება.

პირის ღრუში კბილის შენარჩუნება ჩვენი მიზანია. პაროდონტოლოგიური მკურნალობის ამოცანას წარმოადგენს საეჭვო, ზოგჯერ უიმედო კბილების პროგნოზის შეცვლაც კი. სინამდვილეში, უიმედოა მხოლოდ ის კბილი, რომელიც თქვენ ახლახან ამოიღეთ.

5 years

5 years 2

 

ზონდირების სიღრმე და პირშიგნითა პერიაპიკალური რენტგენოგრამა მკურნალობიდან 5 წლის შემდეგ.


P.S. სხვა საკითხია ეგრეთ წოდებული „კბილი, რომლის მკურნალობასაც აზრი არ აქვს“. ეს ისეთი კბილია, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს კლინიკური ნიშნები, რომელიც უიმედოთა კატეგორიას მიაკუთვნებდა; თუმცა როდესაც კბილის შენარჩუნება აზრს მოკლებულია ან მცირეა მისი შენარჩუნების სარგებელი, ასეთ შემთხვევაში, კბილს მიაკუთვნებენ იმ კატეგორიას, რომლის ექსტრაქციაც აუცილებელია (მაგ. არის ცალკე მდგომი კბილი, არ ჰყავს ანტაგონისტი, იზოლირებული სიბრძნის კბილი და ა.შ).