პერიოკამპუსის ჟურნალის კლუბი - June 29, 2020
„სქეილინგის შემდეგ ღრმა პაროდონტული ჯიბეების ღრძილქვეშა მიკროფლორით რეკოლონიზაცია“ Magnusson, Lindhe, Yoneyama და Liljenberg-ს სტატიაა, რომელიც 1984 წელს გამოიცა. ამ კვლევაზე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვსაუბრობ და ვცდილობ ხშირად განვიხილო პერიოკამპუსში ჩემი ლექციების დროს. ვფიქრობ, ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს უსვამს ნადების კონტროლის მნიშვნელობას.
კვლევა
კვლევის ფარგლებში, თავდაპირველად ყველა მონაწილეს ჩაუტარდა ერთნაირი მკურნალობა, ღრძილქვეშა ინსტრუმენტირება და ჰიგიენის ინსტრუქტაჟი. შემდეგ პაციენტები 2 ჯგუფად დაყვეს და 16 კვირის განმავლობაში განსხვავებულად აკვირდებოდნენ.
- პირველ, A ჯგუფში 16 კვირის განმავლობაში არ ჩატარებულა არანაირი სახის ინსტრუმენტირება/შემანარჩუნებელი თერაპიის მკურნალობა, რის შემდეგაც ეს ჯგუფი განმეორებით გამოიკვლიეს.
- მეორე, B ჯგუფის პაციენტები ჩართეს ნადების მკაცრი კონტროლის პროგრამაში. 2 კვირაში ერთხელ პაციენტებს უტარდებოდათ ღრძილზედა ნადების შემოწმება და პროფესიული ღრძილზედა კბილის წმენდა.
კვლევის საფუძველზე თვალსაჩინო გახდა შედეგი, რომელიც თან ახლავს არაქირურგიულ ღრძილქვეშა ინსტრუმენტირებას ნადების კარგ კონტროლთან კომბინაციაში. პირველი 16 კვირიანი პერიოდის შემდეგ, მეორე ჯგუფში ღრძილებიდან სისხლდენა სრულიად გაქრა, მაშინ როდესაც, პირველ ჯგუფში მაჩვენებლები საწყის მდგომარეობასთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ამ კვლევის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ღრძილქვეშა მიკროფლორის ანალიზი. ანალიზმა აჩვენა, რომ ღრძილქვეშა ინსტრუმენტირების დროს ბაქტერიების რაოდენობა ორივე ჯგუფში მცირდება. იმ ჯგუფში, სადაც არ აკონტროლებდნენ ღრძილზედა ნადებს, ჯიბეები შედარებით სწრაფად რეკოლონიზდა. 4-დან 6 კვირამდე პერიოდში პაროდონტული ჯიბის მიკროფლორის პოპულაცია თანდათანობით იზრდებოდა და საბოლოოდ იმ თავდაპირველი ანალიზის იდენტური გახდა, რაც მკურნალობის დაწყებამდე იყო.
16 კვირის შემდეგ ყველა პაციენტი ხელახლა შეამოწმეს. პირველ ჯგუფს ისევ ჩაუტარდა ღრძილქვეშა სქეილინგი და ფესვის ინსტრუმენტირება, რის შემდეგაც მომდევნო 16 კვირის განმავლობაში ორივე ჯგუფისთვის ნადების კონტროლის იგივე ორკვირიანი პროგრამა დაწესდა. კვლევის დასასრულს ორივე ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა: პაროდონტული ჯიბეების დახურვა და კლინიკური სიმპტომების ალაგება.
ღრძილქვეშა მიკროფლორაზე გავლენა
კვლევამ გვიჩვენა, თუ ინსტრუმენტირებამდე ღრძილზედა ნადების ოპტიმალურ კონტროლს ვერ მივაღწევთ და ამ კონტროლს შეხორცების პერიოდში ვერ შევინარჩუნებთ, ჯიბეები სწრაფად რეკოლონიზდება. ღრძილზედა ნადების სათანადო ინსტრუმენტირების გამეორება ღრძილზედა ნადების კონტროლის გარეშე განაპირობებს ქსოვილების გამუდმებულ ინფიცირებას. ამიტომ უსარგებლო და, სავარაუდოდ, ყველაზე მავნე ზემოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ინსტრუმენტირებისას მცირედ, მაგრამ - მაინც, ვაზიანებთ კლინიკურ მიმაგრებას. თუ მკურნალობას გავაგრძელებთ ნადების სათანადო კონტროლის გარეშე, საბოლოოდ ზიანი შეიძლება სარგებელს აღემატებოდეს.
სტატია 1984 წელს გამოქვეყნდა კლინიკური პაროდონტოლოგიის ჟურნალში (Journal of Clinical Periodontology) და წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს, რაზეც დგას სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პაროდონტოლოგიური თერაპია.