ქალები იმპლანტოლოგიაში - მარტი 11, 2022
ჩემი მოგზაურობა “WIN”-ში დაიწყო 2016 წლის ზაფხულში, როდესაც მივიღე მეილი შტრაუმანისგან, რომელიც შემოდგომაზე ციურიხში მეპატიჟებოდა. სიმართლე გითხრათ, როდესაც მოწვევა მივიღე, წარმოდგენა არ მქონდა, რა სახის ღონისძიებაზე მეპატიჟებოდნენ და კიდევ ვინ იყო მიწვეული - ეს ჩემთვის ერთგვარი საიდუმლო გახლდათ!
ამის მიუხედავად, 2016 წლის 13 ოქტომბერს გავემგზავრე პალმა დე მალიორკიდან, პირველად გავედი ქვეყნიდან მას შემდეგ, რაც აპრილში მეორე ვაჟი შემეძინა. ეს მოგზაურობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ამავე დროს ძალიან მაინტერესებდა, თუ რას გეგმავდა შტრაუმანი!
მივედი დანიშნულების ადგილას, ციურიხის გარეუბანში, სადაც მეორე დილით დაიწყო სემინარი. გამაკვირვა მხოლოდ ქალების დანახვამ, ჯგუფში 14 მონაწილე ვიყავით, იმ დროისთვის მხოლოდ ორს ვიცნობდი... მაგრამ ეს ძალიან მალე შეიცვალა.
რატომ WIN (ქალ იმპლანტოლოგთა ქსელი)?
სემინარი ჩვენი თავის წარდგენით დავიწყეთ, თანდათან ჩვენი თავშეყრის მიზანს მივხვდით. ჩვენ გვაკავშირებდა საერთო პროფესია და განსაკუთრებით ყოველდღიური მუშაობა იმპლანტოლოგიაში. ჩემი თავის წარდგენისას თვითონაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ვაღიარე, რომ 2009 წლიდან ITI სასწავლო კლუბის დირექტორი (იმპლანტოლოგიის საერთაშორისო გუნდი https://www.iti.org/community/study-clubs ) ვიყავი და არასდროს მომიწვევია ქალი სპიკერი (მომხსენებელი) !
ეს სემინარი მიზნად ისახავდა იმპლანტოლოგიაში გენდერული თანასწორობის პროცესის დაწყებას. როგორ? ამისათვის აუცილებელია: უნივერსიტეტის პირობებში ქალის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი, ქალი სტუდენტებისთვის იმპლანტოლოგიის სპეციალობის პოპულარიზაცია (ყოველწლიურად სტომატოლოგიის ფაკულტეტს უფრო მეტი ქალი ამთავრებს, ვიდრე მამაკაცი); საკუთარი პირადი პრაქტიკის გახსნა ან კვლევით პროექტებში ჩართვა; ბალანსის დამყარება პირად ცხოვრებასა და პროფესიას შორის; მეტი ხილვადობა, სტომატოლოგიურ შეხვედრებსა და ეროვნულ საერთაშორისო კონგრესებზე მომხსენებლების დასწრებით. ეს დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ჩვენი გუნდი უმკლავდებოდა დავალებას!
იმპლანტოლოგიის დარგში ქალების ჩართვა
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ დაიწყო ჩვენი პროექტის „აღმოჩენის ფაზა“: უნდა გაგვერკვია რა სიტუაციაა სხვადასხვა ქვეყანაში იმპლანტოლოგი ქალების კუთხით. საბედნიეროდ, სემინარზე წარმოდგენილი იყო 10 სხვადასხვა ეროვნების ქალი (აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებიც კი). ყველას გვესმის, რომ ქალის პროფესიულ კარიერას და აკადემიური განათლების დონეს მისი პირადი ცხოვრება და გარემო პირობები განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი იღებს სტომატოლოგის ხარისხს, მათი მცირე ნაწილი თუ განაგრძობს სპეციალობას იმპლანტოლოგიის მიმართულებით ან დებს ინვესტიციებს აკადემიურ კარიერაში. ამრიგად, ჩვენი როლური მოდელები, როგორიცაა მაგალითად ქალი პროფესორები ქირურგიაში, კვლავ უმცირესობას წარმოადგენენ და ვიცით, რომ ეს გავლენას ახდენს ქალთა გადაწყვეტილებაზე, წინსვლაზე. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგიაში ჯერ კიდევ მამაკაცები დომინირებენ.
ამ პირველი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ დავაარსეთ WIN (ქალ იმპლანტოლოგთა ქსელი) და ჩვენი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ისეთი ქსელის შექმნა, რომ ქალებს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა ჰქონდეთ და ერთმანეთის საჭიროებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
ახალი ხმების სივრცე იმპლანტოლოგიაში
ჩვენს მამაკაც პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ დავაბალანსოთ ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა იმპლანტოლოგიის სამყაროში და წარმოვაჩინოთ ქალი-პროფესიონალები.
ჩვენი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება 2018 წელს მალტაში ჩატარდა. პირველი WIN სამიტის დროს გაოცებული და გახარებული ვიყავი იმ კოლეგების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი. ჩვენთვის კარგად ნაცნობი თემები დანახული და წარმოდგენილი იყო სულ სხვა მიდგომით. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო: აღმოგვეჩინა აქამდე დამალული ძვირფასი მარგალიტები, მიგვეცა მათთვის გაზრდისა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობა.
WIN ესპანეთში დაფუძნდა
ამასობაში, მთხოვეს, რომ შემდეგი ნაბიჯები გადაგვედგა და ესპანეთი უფრო მეტად ჩართულიყო WIN– ის განვითარების საქმეში. ტერეზა ნიეტოს ხელშეწყობით, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შეგვექმნა ესპანური ჯგუფი. ესპანეთში პირველი WIN შეხვედრის დროს, 2017 წლის ნოემბერში (და შემდგომ 2019 წელს), მოვიწვიეთ 10 ქალი ესპანეთის სხვადასხვა რეგიონიდან და წარვუდგინეთ ჩვენი იდეები, თუ როგორ ვაპირებდით ესპანეთის იმპლანტოლოგთა წრეში ქალების მეტად წარმოჩენასა და ხელშეწყობას. ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ესპანეთში იყო 900 კაცი და მხოლოდ 100 ქალი სტომატოლოგი. დღესდღეობით, მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება რიცხვში; დღეს ესპანეთში 3-ჯერ მეტი ქალი სტომატოლოგია, ვიდრე მამაკაცი.
შევქმენით საქაღალდე, რომელშიც თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს WIN და ვინ წარმოადგენს WIN-ს ესპანეთში - ჩვენი „ელჩები“.
ორგანიზება გავუწიეთ ფეისბუქ და ინსტაგრამ ლაივ ჩართვებს (KOOL morning and THE KOOL place). ასევე სოციალურ ქსელში წარვადგინეთ თითოეული ელჩი ვიდეოების, ფოტოსურათებისა და მათი სარეკომენდაციო წერილების საშუალებით. თითოეული ელჩი გვთავაზობს "იმპლანტოლოგიის დღეს" საკუთარ პრაქტიკაში (კლინიკური ხანგრძლივობა 1-დან 2 დღემდე), რომლის განმავლობაში WIN-ის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ იმპლანტებთან დაკავშირებული მკურნალობის მეთოდები.
WIN და ITI (იმპლანტოლოგიის საერთაშორისო გუნდი) მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, როგორც WIN-ის წევრი, მიიღებთ ფასდაკლებას ITI–ის წევრობის პირველი წლის განმავლობაში.
ამჟამად ვწერთ პოდკასტებს Straumann Group Channel-ისთვის.
შემდეგი ნაბიჯები
მაქსიმალურად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და გავაფართოვოთ ჩვენი WIN წრე იმისათვის, რომ ესპანეთის თითოეული ელჩი უფრო მეტად იყოს ჩართული ადგილობრივ დონეზე. არგენტინაში უკვე კარგად განვითარებულია WIN წრე, რომელიც წარმოადგენს მცირე სასწავლო ჯგუფს (მაქსიმუმ 10 ადამიანი). აქ განიხილება ყველანაირი თემა: სამეცნიერო, კერძო პრაქტიკასთან დაკავშირებული, პაციენტის მკურნალობა, გუნდის მენეჯმენტი და ა.შ.
ესპანეთში ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ნამდვილად სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორიცაა SEPA (ესპანეთის პაროდონტოლოგიისა და ოსეოინტეგრაციის საზოგადოება) აქტიურად ცდილობენ ქალ და მამაკაც სპიკერთა ბალანსის დაცვას! ამის დასტურად მოცემულია რამდენიმე რიცხვი: 2017 წელს SEPA-ს ჰყავდა მხოლოდ 16% ქალი სპიკერი ეროვნულ კონგრესზე, ხოლო 2020 წელს პროცენტული მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა (იხილეთ ქვემოთ მოცემული გრაფიკი).
SEPA Speakers – SEPA-ს მომხსენებლები
Female - ქალი
Male - მამაკაცი
დიდი სიამოვნებაა WIN-ის წევრობა და დიდ ცვლილებებში მონაწილეობის მიღება!
თუ გსურთ, რომ თქვენც WIN-ის წევრი გახდეთ, შემოგვიერთდით აქ.