კბილთაშორისი ჰიგიენის საშუალებები - რას ამბობს მათზე მეცნიერება?

იცოდით თუ არა რომ... - December 13, 2021

გახსოვთ სამი მუშკეტერის სახელგანთქმული ფრაზა „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის”?! რა მოსახერხებელი იქნებოდა, რომ არსებობდეს პირის ღრუს მოვლის უნივერსალური ჰიგიენური საშუალება, რომელიც ყველა ტიპის პაციენტისთვის გამოდგებოდა და ბაქტერიულ ნადებსაც კბილების ყველა ზედაპირიდან მოაცილებდა. როგორც ვიცით, სულ მცირე დღეში ერთხელ ბაქტერიული ნადების მექანიკური კონტროლი გინგივიტისა და კარიესის პრევენციისთვის ყველაზე მიღებული სტრატეგიაა. ამას გარდა, მხოლოდ კბილის ჯაგრისი თავისთავად ვერ აღწევს ყველა სივრცეში, ამიტომაც მნიშვნელოვანია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც კბილთაშორის სივრცეებში აღწევენ და ასუფთავებენ (Sälzer et al., 2015).

ამ სტატიაში განვიხილავთ კბილთაშორის  ჯაგრისებს და შევეცდებით დავადგინოთ მათი ეფექტურობა კბილთაშორისი ზედაპირების წმენდისას.

 

„ორ მეზობელ კბილს შორის სივრცეს იკავებს კბილთაშორისი დვრილი, თავისუფალი ღრძილის ნაწილი, რომელიც მინანქარ-დუღაბის საზღვარსა და საკონტაქტო პუნქტს შორის მდებარეობს. მარგინალური ანთების დროს იქმნება ლოკალური პირობები, რაც ბაქტერიული ნადების მომწიფების უწყობს ხელს.“

interproximal spaces

დღესდღეობით, ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და ზოგიერთი მათგანი ძალიან მიმზიდველიც კია. თუმცა, კბილთაშორისი ზედაპირების ჰიგიენასთან მიმართებაში, დამხმარე საშუალებებიდან ყველაზე ხშირად ახსენებენ პირველ რიგში კბილის ფლოსს/ძაფს, შემდეგ კბილთაშორის ჯაგრისებს, წყლის ირიგატორსა და კბილის ჩხირებს. ვინაიდან პირის ღრუს ჰიგიენისტი ვარ, ჰიგიენური საშუალებების სწორად შერჩევა და კონსულტაცია მათი ეფექტური გამოყენებისთვის ჩემი სამსახურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. პირველ რიგში, პაროდონტოლოგიური პაციენტის შემთხვევაში, არაქირურგიული მკურნალობის გეგმის წარმატების გასაღები პაციენტის მოტივაცია და განათლებაა. ცხადია, რაც უფრო უკეთ ახერხებს პაციენტი კბილთაშორის სივრცეებში ბაქტერიული ბიოაპკის მექანიკურ კონტროლს, მით უფრო მტკიცეა თერაპიული მკურნალობის პირამიდა, რომლის აგებასაც ცდილობთ.

flossing flossing2

გაიხსენეთ თქვენი რომელიმე წარმატებული შემთხვევა. სასურველ შედეგს მიაღწიეთ არა მხოლოდ თერაპიული პროტოკოლის ჩამოყალიბებისა და მისი შესრულების წყალობით, არამედ: 1) პაციენტთან ნდობასა და პროფესიონალიზმზე დამყარებული ურთიერთობით; 2) პრობლემის შესახებ სწორი ინფორმირებითა და მენეჯმენტით;

 3) იმით, რომ შეურჩიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება მის მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ტექნიკური ცოდნა, მეორე მხრივ, რეკომენდებულია საშუალებების შესაფერისი და პერსონალური შერჩევა.

არსებობს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა ინტერპროქსიმალური ჰიგიენური საშუალებებისა და მათი ეფექტურობის შესახებ. ვიწყებთ ვარაუდით, რომელიც ყველა კვლევაშია აღნიშნული - მხოლოდ კბილის ჯაგრისის გამოყენება ნაკლებ ეფექტურია ნადების ინდექსის შემცირებაში, ვიდრე ჯაგრისისა და ინტერპროქსიმალური დამხმარე საშუალებების ერთად გამოყენება.

ძაფის გამოყენებასა და კბილთაშორისი ჯაგრისებით ხეხვის შედარებისას, კვლევების უმეტესობა აჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებას ამ ორ საშუალებას შორის ნადების ინდექსის შემცირების თვალსაზრისით და პირველ ადგილზე კბილთასორისი ჯაგრისების უპირატესობას აყენებს (Slot et al., 2008). აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თითოეული სივრცისთვის შესაბამისი ზომის ჯაგრისები უნდა იყოს რეკომენდებული, ვინაიდან ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში, წინა კბილების ინტერპროქსიმალური სივრცე უფრო მცირეა, ვიდრე პრემოლარებისა და მოლარების (Drisko, 2013; Schmage et al., 1999). როგორც წესი, ძაფსა და კბილთაშორისს ჯაგრისს შორის პაციენტები ჯაგრისებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ითვლება, რომ უფრო ადვილად გამოსაყენებელია  (Ishak & Watts, 2007).

საინტერესო ფაქტის შესახებ წერენ Sälzer და თანაავტორები მეტა-მიმოხილვაში, რომელიც ორალურ ირიგატორებს შეეხება. ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ როდესაც საქმე ღრძილების ჯანმრთელობას ეხება, კბილების ხეხვასთან ერთად, პირის ღრუს რეგულარული ინდივიდუალური ჰიგიენის დროს ირიგატორების გამოყენება დადებით ტენდენციას განაპირობებს. ოთხკვირიანი კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა ღრძილებიდან სისხლდენის შემცირების უფრო დიდი ეფექტურობა პირის ღრუს ირიგატორისა და ჯაგრისების კომბინაციაში, კბილის ძაფით გაწმენდასთან შედარებით პირის ღრუს სახლის ჰიგიენის ჩვეულებრივი რუტინის დროს. ამ დაკვირვების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია. ალბათ შედეგი დაკავშირებულია იმასთან, რომ ბაქტერიული ბიოაპკის მიერთების და მომწიფების მექანიზმი ყოველდღიურად ირღვევა, ან იმის გამო, რომ წყლის ჭავლის ნაკადი და პულსაცია ხელს უწყობს ღრძილეის ღარში/ჯიბეში ანთებითი მედიატორების რაოდენობის შემცირებას, რითაც მიიღწევა ღრძილების ჯანმრთელობისა და მისი ჰომეოსტაზის გაუმჯობესება (Sälzer et al., 2015). მიუხედავად ამისა, ამჟამად მათი ნადების შემცირებაზე ეფექტური მოქმედების დამადასრუტებელი ცოტა მტკიცებულება არსებობს.

და ბოლოს, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ:

- მხოლოდ ჯაგრისით გახეხვასთან, ან ძაფისა და ხის ჩხირების გამოყენებასთან შედარებით, კბილთაშორისი ჯაგრისი უფრო მეტ ნადებს აშორებს.

- არ არსებობს ამომწურავი მონაცემები იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს კბილთაშორისი ჯაგრისი ღრძილების ანთებაზე;

- ღრძილების ანთების შემთხვევაში, არ არის განსხვავება კბილთაშორისი ჯაგრისებისა და კბილის ძაფის გამოყენებას შორის;

- ყველაფერს საფუძვლად უნდა ედოს ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი, რომ პაციენტმა შეძლოს კბილთაშორისი წმენდის საშუალებების ყოველდღიურად გამოყენება (Drisko, 2013; Cheapple et al., 2015; Slot et al., 2008; Sälzer et al., 2015; Poklepovic Pericic et al., 2013).


გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:

1. Drisko C. L. (2013). Periodontal self-care: evidence-based support. Periodontology 2000, 62(1), 243–255. https://doi.org/10.1111/prd.12012

2. Slot, D. E., Dörfer, C. E., & Van der Weijden, G. A. (2008). The efficacy of interdental brushes on plaque and parameters of periodontal inflammation: a systematic review. International Journal of Dental Hygiene, 6(4), 253–264. https://doi.org/10.1111/j.1601-5037.2008.00330.x

3. Noorlin, I., & Watts, T. L. (2007). A comparison of the efficacy and ease of use of dental floss and interproximal brushes in a randomised split mouth trial incorporating an assessment of subgingival plaque. Oral Health & Preventive Dentistry, 5(1), 13–18. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/17366756/

4. Chapple, I. L., Van der Weijden, F., Doerfer, C., Herrera, D., Shapira, L., Polak, D., Madianos, P., Louropoulou, A., Machtei, E., Donos, N., Greenwell, H., Van Winkelhoff, A. J., Eren Kuru, B., Arweiler, N., Teughels, W., Aimetti, M., Molina, A., Montero, E., & Graziani, F. (2015). Primary prevention of periodontitis: managing gingivitis. Journal of Clinical Periodontology, 42 Suppl 16, S71–S76. https://doi.org/10.1111/jcpe.12366

5. Sälzer, S., Slot, D. E., Van der Weijden, F. A., & Dörfer, C. E. (2015). Efficacy of inter-dental mechanical plaque control in managing gingivitis--a meta-review. Journal of Clinical Periodontology, 42 Suppl 16, S92–S105. https://doi.org/10.1111/jcpe.12363

6. Worthington, H. V., MacDonald, L., Poklepovic Pericic, T., Sambunjak, D., Johnson, T. M., Imai, P., & Clarkson, J. E. (2019). Home use of interdental cleaning devices, in addition to toothbrushing, for preventing and controlling periodontal diseases and dental caries. The Cochrane Database of Systematic Reviews, 4(4), CD012018. https://doi.org/10.1002/14651858.CD012018.pub2

7. Graziani, F., Palazzolo, A., Gennai, S., Karapetsa, D., Giuca, M. R., Cei, S., Filice, N., Petrini, M., & Nisi, M. (2018). Interdental plaque reduction after use of different devices in young subjects with intact papilla: A randomized clinical trial. International Journal of Dental Hygiene, 16(3), 389–396. https://doi.org/10.1111/idh.12318

8. Poklepovic, T., Worthington, H. V., Johnson, T. M., Sambunjak, D., Imai, P., Clarkson, J. E., & Tugwell, P. (2013). Interdental brushing for the prevention and control of periodontal diseases and dental caries in adults. The Cochrane Database of Systematic Reviews, (12), CD009857. https://doi.org/10.1002/14651858.CD009857.pub2