ამტანი იმუნური სისტემის კონცეფციიდან მოწევის ახალ ტენდენციებამდე. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, როგორც მედიკოსებმა?

პაციენტის შეცვლა - February 20, 2020

 

„ეს არ არის შენი ხელი, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებას იწვევს“ ფილიპო გრაციანი

ეს წინადადება ხაზს უსვამს თითოეული პაროდონტული პაციენტის ინდივიდუალურად მართვის მნიშვნელობას. კარგი კლინიცისტები მაშინ ვიქნებით, როდესაც სტომატოლოგიური კაბინეტის პირობებში ადამიანის ცხოვრების მართვას შევძლებთ. მომავლის პაროდონტოლოგია თავის თავში არა თვით დაავადების, არამედ პაციენტის მართვას გულისხმობს; მომავალში პაროდონტოლოგია მხოლოდ კბილის პროგნოზის შეცვლას კი არა, ადამიანის ცხოვრების შეცვლას შეძლებს, უფრო მეტი სიზუსტით გააანალიზებს რისკ-ფაქტორებს, ისაუბრებს იმუნური სისტემის ამტანობასა და ცხოვრების წესზე.


ჩვენ ვიცით, რომ პაროდონტიტს მრავალფაქტორული ეტიოლოგია აქვს. შესაბამისად, საწყისი შეფასება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ზონდირებითა და პაროდონტული რუკის შევსებით. ცხოვრების წესმა და სისტემურმა დაავადებებმა შეიძლება შეამციროს ჩვენი იმუნიტეტის ამტანობა და გამოიწვიოს ანთებითი ცვლილებები (ცხრილი 1).  სწორედ ამიტომ, პაციენტის პაროდონტულ რუკასთან ერთად უნდა ჩავწეროთ 12  გადამწყვეტი ასპექტი:

Lifestyles and systemic diseases
ცხრილი 1. სქემის მაგალითი რომელიც დაყოფილია 5 ნაწილად და შედგენილია 12 პარამეტრის განსაზღვრის შემდეგ.
  1. ასაკი
  2. წარმომავლობა
  3. სოციალური სტატუსი
  4. პროფესია
  5. მოწევა
  6. სტრესი
  7. პაროდონტული დაავადებების ოჯახური ისტორია  
  8. დიეტა
  9. სხეულის მასის ინდექსი (BMI)
  10. სპორტი
  11. სისხლის წნევა
  12. სისტემური მდგომარეობა

 

 

 

 

კერძოდ, მინდა ყურადღება გავამახვილო სამეცნიერო ლიტერატურაში (Tomasi et al., 2007) უკვე ფართოდ განხილულ რისკ-ფაქტორზე, რომელიც ბაქტერიებთან ერთად  პაროდონტის დაზიანების ხარისხს ზრდის (სურ. 1-2). ვგულისხმობ მოწევას.

From a multilevel analysis of non-surgical periodontal treatment (Tomasi et al., 2007)

სურ.1 „ჯიბის დახურვის“ ალბათობა (ზონდირების სიღრმე ≤ 4მმ) საწყისი ზონდირების სიღრმესთან მიმართებაში მწეველ და არამწეველ პაციენტებში არაქირურგიული პაროდონტის მკურნალობის მრავალდონიანი ანალიზიდან (Tomasi et al., 2007).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინდა შევაჯამო და ხაზი გავუსვა მოწევის ახალი ტენდენციების ყველაზე კრიტიკულ ასპექტებს.


ENDS და HNBD - ეს ორი აკრონიმი ელექტრონული ნიკოტინის მიმწოდებელი სისტემის და თამბაქოს გახურებად აპარატებს აღნიშნავს. ამ აკრონიმებს მალე ყველა უკეთ გავიცნობთ, ვინაიდან უფრო და უფრო მეტი სამეცნიერო კვლევა შეისწავლის მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.


ელექტრო სიგარეტი სრულიად უვნებელია? უსაფრთხოა თუ არა არომატული სითხეები? რა გავლენას ახდენენ ისინი პირის ღრუზე? როგორია ახალი ტენდენციები? რა არის FDA-ს (სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის) რეკომენდაცია?

ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი კითხვები ყველამ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ბევრი დისკუსია და მსჯელობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ელექტრო სიგარეტი შეიძლება ნიკოტინის დონის შემცირების კარგ საშუალებად გვევლინებოდეს, თუმცა ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი უარყოფითი მხარეებიც.

ინგლისურმა სამედიცინო ჟურნალმა „New England Journal“ აღნიშნა, რომ ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიასთან შედარებით, ელექტრო სიგარეტი უკეთესი გზაა ტრადიციული სიგარეტის შემცირებისა და მოწევის შეწყვეტისთვის, (Hajek et al., 2019). ამ კვლევაში ხაზგასმულია ორი პოზიტიური მხარე: ერთი, რომ  არ არის დაკარგული მოწევის რიტუალი და მეორე - ნიკოტინის პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა თანდათან შემცირდეს. თუმცა, სისტემატური ხასიათის ჩვევითი მოქმედებები შეიძლება უკან გადადგმული ნაბიჯიც აღმოჩნდეს. სხვა სტატიაში  (Caponnetto et al., 2013)  ელექტრონული სიგარეტი რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც არ აპირებენ მოწევის შეწყვეტას. ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ტენდენციის შეცვლა - ელექტრო სიგარეტიდან ტრადიციული სიგარეტის მოწევაზე გადასვლა; ასაკობრივი ჯგუფებიდან მას ყველაზე მეტად თინეიჯერები მოიხმარენ. მიმზიდველი არომატისა და თანამედროვე დიზაინის გამო, ENDS აპარატებს ძირითადად თინეიჯერები ეტანებიან, რაც ტრადიციული სიგარეტის შემდგომი გამოყენების წინაპირობა ხდება. ელექტრო სიგარეტის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტითაც და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის პირისთვის.

მალე აიკრძალება ელექტრო სიგარეტის ყველა არომატიზატორი, გარდა პიტნის არომატისა (Drazen et al., 2019). როგორც გაირკვა, კარამელიზებული არომატის ქიმიური ზეთოვანი სითხეები შეიცავენ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენი სხეულის სასუნთქ გზებში მოციმციმე ეპითელური უჯრედების ფუნქციონირებას ამცირებენ.

გახურებად აპარატებს შორის ყველაზე ცნობილია „ფილიპ მორისის“ აიქოსი (IQOS). სამომავლოდ, კომპანია აპირებს, IQOS დასამტკიცებლად წარუდგინოს FDA-ს, როგორც მოდიფიცირებული რისკის თამბაქოს პროდუქტი (MRTP – Modified Risk Tobacco Product). ეს პროექტი საკმაოდ ამბიციურია, რადგან MRTP არის თამბაქოს ნაწარმი, რომელიც იყიდება და იწარმოება იმისათვის, რომ შემცირდეს რისკები ან ის ზიანი, რომელსაც ტრადიციული თამბაქოს მოხმარება იწვევს.

როგორც ჩანს, HNBD ნაკლებ საზიანოა ENDS-სთან და TS-სთან (ტრადიციული მოწევასთან) შედარებით (Biondi-Zoccai et al., 2019), ხოლო ENDS ტრადიციულ სიგარეტზე უკეთესია.

ამ განცხადებას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ელექტრონულ სიგარეტში არ მიმდინარეობს თამბაქოს წვა, მაგრამ მასში მაინც არის ნიკოტინი. IQOS-ის აპარატში არ ხდება თამბაქოს წვა, მისი ჯოხი თბება 350 გრადუსამდე, განსხვავებით ჩვეულებრივი სიგარეტისგან (900 გრადუსი). თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც ამ ახალი აპარატების კანცეროგენურ ეფექტს შეისწავლიან.

ელექტრონული სიგარეტი დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგოა და სადაო ის სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც ეხება ტრადიციული სიგარეტიდან ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლის შედეგად ამ უკანასკნელის ზეგავლენას ადამიანის გამძლეობასა და ჯანმრთელობაზე (Sultan et al., 2018).

რა შეგვიძლია ჩვენ ჯანდაცვის პროფესიონალებმა რომ გავაკეთოთ?

დიაგრამის მეშვეობით (ცხრილი 1) უნდა შევაფასოთ ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ ჩვენი პაციენტების იმუნურ ჯანმრთელობას და ამაღლებენ მათ ცნობიერებას. უნდა წავახალისოთ ქცევითი ცვლილებები: ამისთვის პირველი ნაბიჯი არის ემპათიის გამოწვევა (Ramseier and Suvan, 2010), ღია შეკითხვების დასმა, პაციენტთან ურთიერთობის დამყარებისა და უკეთ გაცნობის მიზნით ყურადღებით მოსმენა და უკუკავშირი.

ექიმებმა უნდა ვიცოდეთ ჩვენს სამუშაო ადგილთან შორიახლოს მდებარე მოწევის საწინააღმდეგო ცენტრები, ვცადოთ პაციენტის უკეთ მოტივირება და გავაგებინოთ, რომ არსებობენ სხვა სპეციალისტებიც, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ.

იტალიაში მოსახლეობის 20% ეწევა და ეს ნაწილი ინფორმირებული უნდა იყოს, თუ რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან მოწევას, როგორც სისტემურ, ასევე პირის ღრუს ჯანმრთელობის დონეზე. ჩვენ, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, აუცილებლად უნდა გავზარდოთ ცნობიერება და ხალხს მივაწოდოთ ახალი მონაცემები მოწევის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ვანიჭებ ფუნდამენტურ მნიშვნელობას პროფილაქტიკურ მედიცინასა და პროფილაქტიკურ სტომატოლოგიას.

ეს არ ეხება მხოლოდ კბილებს, ეს ადამიანების ცხოვრებასაც ეხება.


გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:

Biondi-ZoccaI et al. (2019.) Acute Effects of Heat-Not-Burn, Electronic Vaping, and Traditional Tobacco Combustion Cigarettes: The Sapienza University of Rome-Vascular Assessment of Proatherosclerotic Effects of Smoking ( SUR - VAPES ) 2 Randomized Trial. Journal of the American Heart Association, 8, e010455. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30879375

Caponnetto, P., Campagna, D., Cibella, F., Morjaria, J.B., Caruso, M., Russo, C., Polosa, R. (2013). EffiCiency and Safety of an eLectronic cigAreTte (ECLAT) as tobacco cigarettes substitute: a prospective 12-month randomized control design study. PLoS ONE 8, e66317. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23826093

Drazen, J.M., Morrissey, S., Campion, E.W. (2019). The Dangerous Flavors of E-Cigarettes. New England Journal of Medicine, 380, 679–680. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30699053

Hajek, P., et al. (2019). A Randomized Trial of E-Cigarettes versus Nicotine-Replacement Therapy. New England Journal of Medicine, 380, 629–637. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30699054

Mazzucchelli, L. (2019). Fattore 1%: Piccole abitudini per grandi risultati. Florence, Italy: Giunti. https://www.giunti.it/catalogo/fattore-1-9788809988569

Ramseier, C. A., & Suvan, J. E. (Eds.). (2010). Health Behavior Change in the Dental Practice. Ames, Iowa USA: Blackwell Publishing, Inc. https://onlinelibrary.wiley.com/doi/book/10.1002/9781118786802

Sultan, A.S., Jessri, M., Farah, C.S. (2018). Electronic nicotine delivery systems: Oral health implications and oral cancer risk. Journal of Oral Pathology and Medicine. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30507043

Tomasi, C., Leyland, A.H., Wennström, J.L. (2007). Factors influencing the outcome of non-surgical periodontal treatment: a multilevel approach. Journal of Clinical Periodontology, 34, 682–690. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17635246