სტომატოლოგიური ფობია გავლენას ახდენს კლინიკის მთელ გუნდზე

იცოდით თუ არა რომ... - February 19, 2020

მრავალი წლის განმავლობაში ბევრ კერძო კლინიკაში მიმუშავია, თვითდასაქმებული ექიმის სტატუსით. გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, ჩემი მეორე ოჯახია. პირადი მაგალითიდან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობ გუნდში ჩემს როლზე, ისეთ სიტუაციას ვგულისხმობ, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი პროფესიონალიზმი, აქტიურად განიხილოს ესა თუ ის საკითხი გუნდთან ერთად და მშვიდად იყოს მაშინაც კი, თუ შეცდომას უშვებს, რადგანაც ყოველთვის ეგულება ადამიანები, რომლებიც მზად არიან მიუითითონ შეცდომებზე, ისევე როგორც მშობელი მიუთითებს შვილს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახის ნაწილს წარმოვადგენთ და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამგვარად ხმას მივაწვდენ არა მხოლოდ ჰიგიენისტებს, არამედ სხვა დარგის სტომატოლოგებსაც.


 საინფორმაციო კუთხე

  1. პირის ღრუ, როგორც ინდივიდუალურობის განმსაზღვრელი ორგანო: ადამიანი დაბადებიდან იწყებს სამყაროს აღმოჩენას და შეიგრძნობს მას პირის ღრუს მეშვეობით. მოზარდი თანხმობას ან/და უარს ღიმილით ან ტუჩების დამუწვით გამოხატავს, მაგალითად - უარს ამბობს ჭამაზე. თინეიჯერობის ასაკიდან ადამიანი იწყებს სექსუალური სამყაროს შეცნობას პირითა და ტუჩებით, ღიმილით ცდილობს სხვა ადამიანების მიზიდვას.
  2. რეაქციების გაანალიზება: ემოციები შეიძლება გაიყოს ორ ძირითად მიმართულებად. პირველი არის უფრო სწრაფი და გაუაზრებელი (გრძელდება წამის მეათასედი), გადის მგრძნობიარე ნერვულ გზას პირდაპირ ტვინის ნუშისებრი სხეულისკენ, რომელიც პასუხს აგებს ძირითად ემოციებზე (შიშიც ერთ-ერთი მათგანია), ეს იწვევს კუნთოვან დაძაბულობას და ბრძოლა-გაქცევის ტიპის რეაქციას. მეორე გზა არის შედარებით ნელი, გააზრებული, ამ დროს ჩართულია ჰიპოკამპუსი. შიშის დროს ჩართულია ენდოკრინული სისტემა, რადგან ხდება ჰიპოფიზის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამომუშავება, რომელიც ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციას და ხდება კორტიზოლის გამოყოფა.
  3. დიაფრაგმული სუნთქვა: ზრდის ჟანგბადის მიღებას, ხსნის (ამცირებს) კისრისა და მხრების დაძაბულობას. როგორ ხდება ეს? პირველი ნაბიჯია ზურგზე დაწოლა და მუცელზე კონცენტრირება. უნდა იგრძნოთ დიაფრაგმის მოძრაობა, ცალი ხელი მუცელზე დაიდეთ, მეორე კი - მკერდზე და დაიწყეთ ნელა სუნთქვა. თქვენი მიზანია, ისე ამოძრაოთ მუცელზე დადებული ხელი, რომ მკერდზე მოთავსებულმა ხელმა არ იმოძრაოს.
  1. ფობიის პრევენცია: ფობიის პრევენცია იწყება ფობიებით შეპყრობილი, შეშფოთებული მშობლების განათლებით. მათ უნდა გაიაზრონ, რომ შვილების შეშინება და ექიმების დემონიზება სასიკეთო შედეგს არ მოიტანს. უნდა ვურჩიოთ, რომ სტომატოლოგთან შვილის ვიზიტები  დაგეგმონ ბავშვის ცხოვრების პირველივე წლებიდანვე, რათა იგი თავიდანვე შეეგუოს გარემოს, რაც ასევე დაეხმარება ფობიის გადალახვაში. პირის ღრუს ჰიგიენისტი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც პატარა პაციენტებს სტომატოლოგიურ სამყაროს მეგობრულ, მხიარულ და ინტერაქტიულ შეხვედრებზე გააცნობს.

მოდით ვისაუბროთ ფობიებზე. შიში ის პირველადი ემოციაა, რომელიც საფრთხის მოახლოებას გვამცნობს, თუმცა ზოგჯერ მას ადამიანი ირაციონალურ ქცევამდე მიჰყავს (განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტომატოლოგიურ გარემოს ეხება). მეცნიერულ კვლევებში აღწერილია ბევრი სხვადასხვა ფობია. ყველაზე ხშირია ცხოველების, სიმაღლის, დახურული სივრცის, შტორმისა და სტომატოლოგის მიმართ ფობია. ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 16.1 % იტანჯება სტომატოლოგიური ფობიით. მათ შორის, ყველაზე მეტად 40-დან 64-წლამდე ასაკის ადამიანები, უმეტესად ქალები. ფობიის ჩამოყალიბებაზე სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორმაც შეიძლება იმოქმედოს. ისლანდიაში დენტალური ფობიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მხოლოდ 10%; ხოლო იაპონიაში, სადაც კვლევა ჩატარდა 3,041 სტუდენტსა და მოზრდილს შორის - მაღალი - 42.1%.

სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მოგვისმენია პაციენტისგან წინადადება: „აქ მოსვლას მერჩივნა, გასტროსკოპია ჩამეტარებინა”. ფობიის მქონე პაციენტთან მუშაობა ყოველთვის დიდი გამოწვევაა, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.

ცნობილია, რომ დენტალური ფობიის მქონე პაციენტებში შიში შეიძლება დაკავშირებული იყოს ნემსებთან, სისხლთან, კაბინეტში არსებულ სუნებთან ან ხმებთან, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ტკივილის შიშია. კვლევებით დადგინდა განსხვავება ეტიოლოგიურ ფაქტორებშიც:

  1. პირდაპირი გავლენა, სახელდობრ, წარსული გამოცდილებით მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ილექება ქვეცნობიერში და აღმოცენდება, როდესაც პაციენტი ისევ მოდის კლინიკაში.
  2. ქცევითი მოდელი, მშობლების მხრიდან განუწყვეტელი შფოთვის და თანატოლების ან ფობიური მოზარდების მიერ ნეგატიური და საშინელი გამოცდილების აღწერის გამო.

2014 წელს Carter E.A. et all.-ის მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს ფობიის გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე, თუმცა 173 შვედ ტყუპზე ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ გენეტიკას შეუძლია სტომატოლოგიურ შიშთან დაკავშირებული ფაქტორების წინასწარგანწყობა შექმნას, მაგრამ ის ვერ იქნება ძლიერ კორელაციაში ფობიურ სიმპტომებთან.

სტომატოლოგიური ფობიის მქონე პაციენტი კლინიკურ პრაქტიკაში

სიმპტომებმა შეიძლება თანდათანობით იმატოს: მოსაცდელ ოთახში დაწყებული შფოთვა, შემდგომში ტაქიკარდიით, ოფლიანობით, სისხლის წნევის ცვლილებით, ჰიპოსალივაციით, კანკალით, დახრჩობის შეგრძნებით, ასევე პანიკური შეტევითა ან ცნობიერების დაკარგვით. ემოციების წარმოქმნის ზემოთნახსენები მექანიზმის მიხედვით, პაციენტი აღიქვამს ექიმს, როგორც საფრთხეს, თუმცა აცნობიერებს, რომ ის არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს და ცდილობს დამშვიდდეს. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ემოციებმა უკვე მიაღწიეს ნუშისებრ სხეულამდე, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს და არ ექვემდებარება ლოგიკას. ეს ზუსტად ის მომენტია, სადაც ფობიის წინააღმდეგობრივი ბუნება მჟღავნდება. ასეთი შემთხვევების მართვა უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

  1. შექმენით მეგობრული და თბილი გარემო: მეცნიერული კვლევების თანახმად, მოსაცდელ ოთახში წყნარი ფონური მუსიკა, ფორთოხლის ან ლიმონის ჰაერის არომატიზატორი კორტიზოლის დონეს ამცირებს (ეს ჰორმონი გამოიყოფა ნერწყვშიც) და შფოთვის დონეზეც ახდენს გავლენას.
  2. დროის მენეჯმენტი: შეამცირეთ პაციენტის ლოდინის ხანგრძლივობა, დაგეგმეთ ვიზიტი დილით ადრე, შეარჩიეთ ნაკლებად დატვირთული დღე.
  3. შეხვედრა: დასტრესილი ადამიანი თავის ემოციას გარშემომყოფებსაც უზიარებს.

ხასიათის ცვალებადობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ საერთო მიზნის მისაღწევად გუნდმა ერთობლივად უნდა იმუშაოს, მიზანი კი ასეთია - „თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა და სიმშვიდე.“ ამრიგად, პაციენტს სიმშვიდის განცდა უკვე მოსაცდელი ოთახიდანვე ეუფლება, სადაც ადმინისტრაციული პერსონალი ხვდება; სწორედ ამ ეტაპს გადის იგი, ვიდრე ქირურგებთან, ასისტენტებთან და აპარატურასთან მოუწევს კონტაქტი. ღიმილით, ხმის ტემბრითა და სხეულის ენით შეგვიძლია შევუქმნათ პაციენტს ხელმისაწვდომობის შეგრძნება, რაც ჰიპოთალამუსზე ზემოქმედების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

მძიმე ფობიის შემთხვევაში, ვიზიტამდე უნდა ჩატარდეს ფარმაკოლოგიური მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქოთერაპიული კურსიც, რათა უკეთ მოხდეს ფობიის მართვა და შემცირდეს ფობიით გამოწვეული ზიანი.

რჩევები ფობიის მქონე პაციენტებისთვის

საუკეთესო ჩვევაა, ვიზიტამდე მოხსნათ დაძაბულობა. ფიზიკური აქტივობა ან უბრალოდ 30 წუთიანი სეირნობა ამცირებს კორტიზოლის დონეს. დიდი ალბათობით, ფობიის მქონე პაციენტი ვიზიტამდე არ მიიღებს საკვებს, თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა ვურჩიოთ რეგულარული და ჯანსაღი კვების რეჟიმის შენარჩუნება, რომ ამრიგად ორგანიზმს ემოციურ სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს და შეამციროს თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის ალბათობა.

ემოციური გადატვირთვის და ქრონიკული სტრესის თავიდან არიდების მიზნით, შესთავაზეთ პაციენტს დანიშნოს ვიზიტი მისთვის მშვიდ, ნაკლებად გადატვირთულ დღეს. სანამ მანიპულაციების ჩატარებას შეუდგებით, შეეცადეთ დაამყაროთ მშვიდი კავშირი და ისაუბრეთ ზოგად თემებზე, ნელ-ნელა მიუახლოვდით პირის ღრუს.

მუშაობის პროცესში უთხარით, თუ რა მანიპულაციების ჩატარებას აპირებთ და აიღეთ ნებართვა პროცედურის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ.

ასეთი ქცევების წყალობით პაციენტი აანალიზებს თავის როლს და თავს „მსხვერპლად“ აღარ აღიქვამს.

შემდგომი განათლებისთვის, გირჩევთ გაეცნოთ ნეირო-ლინგვისტურ ენას (Neuro-linguistic Languare - NLP), რათა ისწავლოთ პოზიტიური დიალოგის წარმოება და “სიცილის იოგა”. დაბოლოს, დიაფრაგმული სუნთქვა პაციენტებს გულისცემის შემცირებაში დაეხმარება. ნუ დანიშნავთ ერთმანეთის მიყოლებით ბევრ ვიზიტს და დაიწყეთ პროცედურები ნელ-ნელა, რათა მოიპოვოთ მათი ნდობა და ასწავლოთ, როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ ემოციებს.

„ექიმო, ექიმო...

საგულისხმოა, რომ სიტყვა „ექიმი” (doctor) ლათინური წარმოშობისაა და სწავლებას ნიშნავს. ჩვენ პაციენტის შეხედულებას ვცვლით. ის სვამს კითხვებს, რადგან იცის, რომ სწორედ ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება, სწორედ ჩვენ შეგვიძლია თავი უკეთ ვაგრძნობინოთ.“

შეჯამებისას, მინდა ხაზი გავუსვა გუნდის ერთიანობის მნიშვნელობას ფობიის მქონე პაციენტის მკურნალობაში. სტომატოლოგიური გუნდის თითოეული წევრი ქმნის ღირებულებებს და განსაზღვრავს ახალ მიზნებს. როდესაც ყველას ერთნაირი დამოკიდებულება აქვს, სამუშაო გარემოც ოპტიმიზირებულია და ისეთ დელიკატურ კლინიკურ შემთხვევებზეა მორგებული, როგორიც არის ფობიის მქონე პაციენტების მკურნალობა.

ასეთ დელიკატურ კლინიკურ შემთხვევებში უნდა მოიაზროთ შესაძლო წარუმატებლობაც, რომელიც არის ორი ტიპის და ზიანს აყენებს ორივე მხარეს:

  1. არის ვიზიტის გაუქმების მაღალი რისკი, რამაც შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ კლინიკურ საქმიანობის მენეჯმენტში.
  2. ფობიის მქონე პაციენტებს ახასიათებთ მკურნალობის გადადება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პირის ღრუს ჯანმრთელობას.

მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მივიღოთ მცირედი ნაბიჯებითაც კი - ჰიგიენისტთან გაცნობითი ხასიათის ვიზიტები აყალიბებს მყარ ურთიერთობას და ნდობას ექიმსა და პაციენტს შორის, ერთობლივი ძალებით ბარიერების გადალახვა და საერთო მიზნების დასახვა პირის ღრუს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.


კლინიკური შემთხვევების აღწერა:

კლინიკური შემთხვევა 1. ქალი, 53 წლის, არამწეველი, არ აქვს სისტემური დაავადება. აღენიშნება მინანქრის დემინერალიზაცია, მრავლობითი კბილთაშორისი და ყელის კარიესული დეფექტები.

პროცედურები: სახლის პირობებში კბილების რემინერალიზაციისთვის გეგმის განსაზღვრა და მოტივაცია, მოტივაციის მიღწევისთანავე ფტორის პროფესიული აპლიკაცია ორჯერ წელიწადში.

Case 1წინ ხედი.

Case 2მარჯვენა ხედი.

კლინიკური შემთხვევა 2: (მადლობა ალბერტო სერაფინის კლინიკური შემთხვევის მოწოდებისთვის). ქალი, 26 წლის. აღენიშნება I ტიპის დიაბეტი, შარდში შაქრის არსებობით. აქვს სტომატოლოგიური ფობია, არამწეველია.

ჩაუტარდა პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქტაჟი და ნადების კონტროლის წესი სახლის პირობებში, ჩატარდა ორთოპედიული რეაბილიტაცია, დაენიშნა რემინერალიზაციური მკურნალობა სახლის პირობებში.

Case 2 - Serafini Alberto - upperზედა ოკლუზიური ხედი

Case 2 - Serafini Alberto - inferiorქვედა ოკლუზიური ხედი

Case 2 - Serafini Alberto - side

მარცხენა ხედი

Case 2 - Serafini Alberto - front

წინა ხედი

Case 2 - final

წინა რეაბილიტაციის შემდეგ

 


გამოყენებული და შემოთავაზებული ლიტერატურა:

Vedani, L. (2017.) Paura Del Dentista Addio: I Segreti Per Vincere La Paura Del Dentista Una Volta Per Tutte e Tornare Finalmente A Sorridere. Rome, Italy: Bruno Editore.