პაროდონტოლოგის წიგნაკი - მარტი 16, 2021
აირჩიეთ ნებისმიერი სტატია გერიატრიულ პაროდონტოლოგიაზე ან გერიატრიის თემაზე და აღმოაჩენთ, რომ თითქმის ყველა ასეთი ნაშრომი ერთნაირად იწყება. პირველი წინადადებად უმეტესწილად შევხვდებით აზრს - „მსოფლიო პოპულაცია ბერდება“; ეპიდემიოლოგიური მონაცემები საშიშად გამოიყურება; განიხილება ჯანდაცვის სისტემის მოქმედების ნაკლებობა დემოგრაფიული ტალღის მიმართ; თითქოს ადამიანის დაბერებასთან დაკავშირებული გამოცდილება თავისთავად იმდენად საშიში არ არის, მაშინ, როდესაც გერიატრიულ საკითხთან დაკავშირებით კლინიკური და აკადემიური დამოკიდებულება საკმაოდ სევდისმომგვრელია. გერიატრიული პაროდონტოლოგია ჯერ კიდევ აღწერის ფაზაშია. სინამდვილეში, არც კი ვაცნობიერებთ გერიატრიული სტომატოლოგიის, როგორც ყოვლისმომცველი დისციპლინის სპეციფიკურობას.
მე მჯერა, რომ პაროდონტოლოგიით გატაცებული ადამიანი აფასებს მის ფართო კლინიკურ და კვლევით გავლენას. რა ხდება პირის ღრუში პაროდონტიტის დროს .... რა ხდება დაავადების მიმდინარეობს სულ რაღაც ერთ თვეში... დაავადება ზეგავლენას მხოლოდ პირის ღრუს ქსოვილებზე არ ახდენს. დაავადების ფართო გავლენა ორგანიზმე კარგად ჩანს დაბერების პროცესში. ამრიგად, იმედი მაქვს, რომ მომავალში, გერიატრიული პაროდონტოლოგია ხანდაზმულთა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდება. ჩემი მიზანია, მიმოვიხილო მისი ზოგიერთი თავისებურება, მიმოხილვის შთაგონების წყარო კი ერთი ნაწარმოები გახლავთ.
2013 წელს ავსტრიელმა კინორეჟისორმა მაიკლ ჰანეკემ აიღო ამერიკის აკადემიის ჯილდო „ოსკარი“ კატეგორიაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ფილმის სცენარი წაკითხული მქონდა, ჰენეკეს სტილსა და შემოქმედებასაც ვიცნობდი, ამიტომაც არ ვჩქარობდი ნახვას. ფილმი შემთხვევით ვნახე სწორედ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ჰერალდისთვის ამ თემაზე წერას დავიწყებდი.
ფილმი იყო ემოციურად დამანგრეველი და ამავდროულად მშვენიერი. გამანადგურებლად მშვენიერი!
თავდაპირველად, ფილმი გვაცნობს გონებრივად და ფიზიკურად აქტიური, 80 წელს გადაცილებული, ასაკოვანი პარიზელი წყვილის ცხოვრებას. მალევე ანას ემართება ორი ცერებროვასკულარული ინსულტი. მაყურებელი თითქოს იჭრება ცოლ-ქმრის პირად ცხოვრებაში, ერთგვარად დამნაშავედაც კი გადაიქცევა, რადგან უყურებს მეტად ინტიმური ურთიერთობის დინამიკურ ევოლუციას. ანას მეუღლე, ჯორჯი ცოლის მომვლელად გადაიქცევა და დაღმასვლას ეგუება. ფილმი აღწერს დაბერების არა რომანტიულ, არამედ სასტიკ მხარეს.
ნუ გეგონებათ, რომ ფილმის ანალიზს კითხულობთ. ერთი შეხედვით, მაიკლ ჰანეკეს „სიყვარულს“ არაფერი აკავშირებს პაროდონტოლოგიასთან. მაგრამ ვფიქრობდი რა ამ სტატის დაწერაზე, ამ ფილმმა მიბიძგა იმისკენ, რომ მეპოვა კავშირი ხელოვნებას, მედიცინასა და პაროდონტოლოგიას შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტომატოლოგიის დისციპლინებს შორის პაროდონტოლოგია ყველაზე უკეთ „გვიამბობს“ მედიცინაზე (დაკავშირებულია მედიცინასთან).
ფილმში ანას ინსულტი ემართება. ერთი წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მსოფლიოში 18 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილიანობის ერთ-ერთი პირველი მიზეზია. 5-დან 4 შემთხვევა არის გულის შეტევის ან ცერებროვასკულური ინსულტის შედეგი. ლეტალური გამოსავლის გარდა, ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ინვალიდობას, როგორც ანას შემთხვევაში მოხდა. მჯერა, რომ საზოგადოება უკვე ინფორმირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებზე პირის ღრუში ლოკალური ინფექციის, პაროდონტიტის, შესაძლო გავლენის შესახებ. მათი კავშირი შეიძლება აიხსნას ბაქტერიემიით, რომელიც პაროდონტის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტში საკვების დაღეჭვის დროს ხუთიდან ერთ შემთხვევაში ვითარდება და სისტემური ანთებით, როდესაც ანთებითი მედიატორების დიდი რაოდენობის ცირკულირება ხდება პირის ღრუს ქსოვილებში და მის გარეთაც. ზოგადი სისტემური ანთებითი მდგომარეობა შეიძლება იქონიოს სხვა არაგადამდები ქრონიკული დაავადების პათოგენეზზე, მათ შორის ერთ-ერთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.
საზოგადოდ, პაროდონტიტი ზრდასრული ასაკისთვის დამახასიათებელი დაავადებაა. ავადობის პიკი დგება დაახლოებით 38 წლისთვის და მისი პროგრესირება ნელდება, როდესაც ადამიანი აღწევს ოქროს ასაკს. ამ დაავადებას ახასიათებს აქტიური და რემისიის პერიოდები. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომლის გავლენა ორგანიზმზე დროთა განმავლობაში აკუმულირდება.
ჩვენი იმუნური სისტემა, თანდაყოლილიც და შეძენილიც, მოიცავს ბიოლოგიურ პროცესებს, რაც იცავს ორგანიზმს მავნე აგენტებისგან და ინარჩუნეს ჰომეოსტაზს უცხო და საკუთარი აგენტების განსხვავების გზით. ასაკთან დაკავშირებული ერთ-ერთი ფენომენი ცნობილია, როგორც იმუნური დისფუნქცია (Immunosenescence), ეს ტერმინი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან Senex, რაც ნიშნავს ძველს. იგი ითვალისწინებს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი იმუნური სისტემის შეცვლას, გაუარესებას, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და იწვევს უფრო მეტ მგრძნობელობას ინფექციების, ნეოპლასტიური და აუტოიმუნური დაავადებების მიმართ. ამ მიზეზით, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ანთებითი პროცესების სიხშირე. ტერმინიც კი შეიქმნა, რაც აკავშირებს ამ ორ მდგომარეობას: „ანთება-დაბერება“ („inflamm-aging“). ხანგრძლივი დაბალი დონის ანთება და დაავადებები, რომლებსაც აქვთ მსგავსი ანთებითი პათოგენეზი, როგორიცაა დიაბეტი და ათეროსკლეროზი, მიიჩნევა ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებად. რამე პარალელი ხომ არ გაავლეთ? დიახ. პაროდონტიტი და დაბერების შედეგად მიმდინარე სხვა ქსოვილების ანთებითი ცვლილებები ერთმანეთს ჰგავს. „ქათმისა და კვერცხის პირველობის“ დისკუსიის მსგავსად - ანთება ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების განვითარებას? თუ პირიქით, ორივე იმ მანკიერი წრის ნაწილია, სადაც ერთი მეორეს აძლიერებს?
ზოგჯერ პაროდონტოლოგიურად ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებშიც კი მოსალოდნელია კბილის საყრდენი ქსოვილების შემცირება. ამას ძირითადად ვხედავთ ღრძილის რეცესიის სახით, როდესაც ვითარდება კლინიკური მიმაგრების დარღვევა ვესტიბულური ზედაპირზე. აღნიშნული ცვლილებები შეიძლება განპირობებული იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ქსოვილების „ხახუნითა და ცვეთით“. ამავდროულად, საზოგადოებასა და სტომატოლოგთა გარკვეულ წრეებშიც არსებობს მყარად გამჯდარი მცდარი აზრი, რომ პაროდონტიტით დაავადებული პირები აუცილებლად დაკარგავენ კბილებს. კვლევზე დაყრდნობით ვიცით, რომ სწორად მართული პაროდონტიტის მკურნალობის დროს, პაციენტმა შეიძლება დაკარგოს საშუალოდ 1 კბილი 10 წლის განმავლობაში, ხოლო ზოგად პოპულაციაში ადამიანმა შეიძლება დაკარგონ 3 კბილამდე იმავე პერიოდში.
კბილის დაკარგვა საშინელებაა! დიაბეტით დაავადებულ ადამიანში თითის ამპუტაცია ტრაგედიად მიიჩნევა, ინდივიდუალური ორგანოს - კბილის დაკარგვა ხშირად არაფრად მიაჩნიათ („კიდევ 27 კბილი დარჩა, არა?“) კბილების შენარჩუნების ტენდენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, თუმცა მაინც აღიარებულია, რომ კბილების დაკარგვის გავრცელება იზრდება ასაკთან ერთად და პიკს აღწევს 65 წლის ასაკში.
კბილის დაკარგვა მოიცავს მდგომარეობებს, რომლებიც მხოლოდ სტომატოლოგიასთან და პაროდონტოლოგიასთან არ არის დაკავშირებული. კბილების დაკარგვა ამცირებს ცხოვრების ხარისხს, ადამიანის უნარს ისიამოვნოს ცხოვრებით და კვლევების თანახმად ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იკარგება ფრონტალური ზონის კბილები და აღარ არსებო ანტაგონისტი კბილები. ასევე კბილების რაოდენობა ითვლება ზოგადი ჯანმრთელობის და წარმატებული დაბერების მანიშნებელ სუროგატულ ფაქტორად, რაც 50 წელზე ასაკიან მოსახლეობაზე და მათ შთამომავლობაზე დაკვირვებით გამოვლინდა. იაპონიაში გერიატრიული პირის ღრუს ჯანმრთელობის სტრატეგია არის 80/20 - რაც ნიშნავს 80 წლის ასაკში 20 კბილის შენარჩუნებას. (რამდენ 80 წლის ადამიანს იცნობთ 20 კბილით პირის ღრუში?) ეს ციფრი დაკავშირებულია ღეჭვით ფუნქციასთან, რომელიც მნიშვნელოვნად ზიანდება როდესაც პირის ღრუში 10 ანტაგონისტ კბილზე ნაკლები რჩება. ღეჭვითი ფუნქცია, რომელიც ირღვევა კბილების დაკარგვით, იწვევს ფუნქციურ უნარშეზღუდულობას, ყოველივე ამას კი დიდი გავლენა აქვს კვებასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე კოგნიტურ დაქვეითებაზე.
საშინელი დასკვნების გამოტანისა ან იმედგაცრუების ნაცვლად, მინდა ხაზი გავუსვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია პაროდონტოლოგიას ადამიანისთვის. პაროდონტიტის არაქირურგიული მკურნალობა არა მხოლოდ ამცირებს სისტემურ ანთებას, აუმჯობესებს ბიომარკერებსა და სისტემური დაავადებების შედეგებს, ამავდროულად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. პაროდონტიტის მკურნალობის თვალსაზრისით, ხანდაზმულ ასაკში, ყურადღება უნდა მიექცეს თანმხლები დაავადებების და პოლიპრაგმაზიის (ბევრი წამლის ერთდროულად მიღება) შეფასებას. ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. დაკარგული კბილების რეაბილიტაციისა და ხანდაზმულებში პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობა უნდა იყოს გაცნობიერებული, როგორც ცხოვრების ხარისხის ასამაღლებელი ფაქტორი, გაუმჯობესებული სისტემური შედეგებით, როგორიცაა თუნდაც კოგნიტური ფუნქცია.
დაბერება გარდაუვალია. მაგრამ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ ის, თუ როგორ დავბერდებით.
გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:
Ebersole, J. L., Graves, C. L., Gonzalez, O. A., Dawson, D., Morford, L. A., Huja, P. E., … Wallet, S. M. (2016). Aging, inflammation, immunity and periodontal disease. Periodontology 2000, 72(1), 54–75. https://doi.org/10.1111/prd.12135
Feres, M., Teles, F., Teles, R., Figueiredo, L. C., & Faveri, M. (2016). The subgingival periodontal microbiota of the aging mouth. Periodontology 2000, 72(1), 30–53. https://doi.org/10.1111/prd.12136
Friedman, P. K., & Lamster, I. B. (2016). Tooth loss as a predictor of shortened longevity: Exploring the hypothesis. Periodontology 2000, 72(1), 142–152. https://doi.org/10.1111/prd.12128
Graziani, F., Music, L., Bozic, D., & Tsakos, G. (2019). Is periodontitis and its treatment capable of changing the quality of life of a patient? British Dental Journal, 227(7), 621–625. https://doi.org/10.1038/s41415-019-0735-3
Kassebaum, N. J., Bernabé, E., Dahiya, M., Bhandari, B., Murray, C. J. L., & Marcenes, W. (2014). Global Burden of Severe Tooth Loss. Journal of Dental Research, 93(7 Suppl), 20S-28S. https://doi.org/10.1177/0022034514537828
Lamster, I. B. (2016). Geriatric periodontology: How the need to care for the aging population can influence the future of the dental profession. Periodontology 2000, 72(1), 7–12. https://doi.org/10.1111/prd.12157
Lamster, I. B., Asadourian, L., Del Carmen, T., & Friedman, P. K. (2016). The aging mouth: Differentiating normal aging from disease. Periodontology 2000, 72(1), 96–107. https://doi.org/10.1111/prd.12131
MacEntee, M. I., & Donnelly, L. R. (2016). Oral health and the frailty syndrome. Periodontology 2000, 72(1), 135–141. https://doi.org/10.1111/prd.12134
Persson, G. R. (2017). Dental geriatrics and periodontitis. Periodontology 2000, 74(1), 102–115. https://doi.org/10.1111/prd.12192
Renvert, S., & Persson, G. R. (2016). Treatment of periodontal disease in older adults. Periodontology 2000, 72(1), 108–119. https://doi.org/10.1111/prd.12130
Scannapieco, F. A., & Cantos, A. (2016). Oral inflammation and infection, and chronic medical diseases: Implications for the elderly. Periodontology 2000, 72(1), 153–175. https://doi.org/10.1111/prd.1212
Chambrone, L., Chambrone, D., Lima, L. A., & Chambrone, L. A. (2010). Predictors of tooth loss during long-term periodontal maintenance: A systematic review of observational studies: Tooth loss during periodontal maintenance. Journal of Clinical Periodontology, 37(7), 675–684. https://doi.org/10.1111/j.1600-051X.2010.01587.x
Needleman, I., Garcia, R., Gkranias, N., Kirkwood, K. L., Kocher, T., Iorio, A. D., … Petrie, A. (2018). Mean annual attachment, bone level, and tooth loss: A systematic review. Journal of Clinical Periodontology, 45, S112–S129. https://doi.org/10.1111/jcpe.12943
Sanz, M., Marco Del Castillo, A., Jepsen, S., Gonzalez-Juanatey, J. R., D’Aiuto, F., Bouchard, P., … Wimmer, G. (2020). Periodontitis and cardiovascular diseases: Consensus report. Journal of Clinical Periodontology, 47(3), 268–288. https://doi.org/10.1111/jcpe.13189
Forner, L., Larsen, T., Kilian, M., & Holmstrup, P. (2006). Incidence of bacteremia after chewing, tooth brushing and scaling in individuals with periodontal inflammation. Journal of Clinical Periodontology, 33(6), 401–407. https://doi.org/10.1111/j.1600-051X.2006.00924.x