გოლიათების მხრებზე დგომა

რედაქტორისგან - აპრილი 15, 2021

...ანუ როგორ უნდა იპოვო საკუთარი ხმა მენტორის დახმარებით

 


ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია უმბერტო ეკო, რომელმაც თავისი კარიერა სემიოტიკის პროფესორობიდან დაიწყო და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერალი გახდა, ყველა მისი წიგნი ბესტსელერია. მისი სადებიუტო ნაწარმოები „ვარდის სახელით“ და „ფუკოს ქანქარა“ ნამდვილად ჩემი თინეიჯერობის პერიოდში საუკეთესო საკითხავად ითვლებოდა.

ნამდვილად არ ვაპირებ სიუჟეტის განხილვას; დარწმუნებული ვარ, პერიო საზოგადოებამ ის კარგად იცის, ხომ ასეა? თუმცა, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე: ეს არის ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელის და მისი ყმაწვილი თანამგზავრის, ბენედიქტელი ადსოს ურთიერთობა.

ამბავს უკვე მხცოვანი ადსო მოგვითხრობს, იგი იხსენებს მის ახალგაზრდობაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავს. წიგნის კითხვისას ძალიან კარგად ჩანს ყმაწვილის დიდი პატივისცემა უფროსი მასწავლებლის მიმართ. მრავალი წლის შემდეგაც კი ადსო კვლავ მასწავლებლის მადლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის მისი სისუსტეცა და შეცდომებიც.

რას წარმოადგენს სინამდვილეში მენტორი?

კლასიკური განმარტება გულისხმობს გამოცდილ და სანდო მრჩეველს/მასწავლებელს. ეს ნიშნავს, რომ მენტორი მოწაფეზე უფრო ბრძენი და ხშირად ასაკითაც უფროსია. ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა მოგცეს მითითებები იმ საკითხზე, რომელშიც თვითონ განსწავლულია.

ჩემი პირადი შეხედულებით, მენტორი, თავისი შინაარსით, ბევრად მრავლისმომცველი ცნებაა, ვიდრე უბრალოდ პროფესიონალი მასწავლებელი. მენტორი წვრთნის შეგირდს, მისი წვლილი სცდება პროფესიული აქტივობების ჩარჩოებს. მენტორს შეუძლია უბიძგოს ადამიანს პიროვნული და პროფესიული ზრდისკენ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ იტალიური სიტყვა „მაესტრო“ ძალიან ზუსტად გამოხატავს მენტორის შინაარს.

მაესტრო ის ადამიანია, ვინც მიგიყვანს სკოლაში, სადაც დიდი შრომის შემდეგ ჭუპრიდან პეპლად გარდაისახები.

მენტორობას რომანტიკულად აღვიქვამ?

დიახ, ასეა, მაგრამ მე იტალიელი ვარ და ყველაფერს რომანტიკულად ვუყურებ. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიმართლა. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჩემს პროფესიულ და პიროვნულ გამოწრთობას შეუწყო ხელი, იყო ლარს ლორელი, რომელიც ასევე ჩემს უძვირფასეს კრისტიანო ტომასის უწევდა მენტორობას.

მე და კრისტიანომ მას შემდეგ გავიაზრეთ მისი გავლენა ჩვენს განვითარებაზე, რაც წლების შემდეგ, კონკრეტული შემთხვევების განხილვისას, მივხვდით, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში ვიყავით მკურნალობის ყველა საფეხურის დაგეგმვისას, რადგანაც მივყვებოდით ერთსა და იმავე ფილოსოფიას: ჭრილობის შეხორცების პროცესის ბიოლოგია და მისი კლინიკური შედეგები. ეს კი ნამდვილად სასწაულია, რადგან როგორც ჩემი ძვირფასი მეგობარი კარლო ტინტი ამბობს: „დიაგნოზი ერთია, მკურნალობის მეთოდები კი უამრავი.“

ორივე ვცდილობთ მხიარულად მივუდგეთ პაროდონტოლოგიას და პაროდონტოლოგიურ სამყაროს, და ამის ნათელი მაგალითია პერიოკამპუსი. ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ პროფესიას, არამედ ცხოვრებასაც. ამისთვის ყოველთვის ლარს ლორელის მადლობელი ვიქნები.

ჩვენი გამოცდილება შთაგონების წყარო გახდა პერიოკამპუსის შექმნისთვის. მე და კრისტიანოს საერთო მაესტრო გვყავდა და ჩვენ ვავრცელებთ ამ ღირებულებებს იმ პროფესიულ სამყაროში, რომელიც შევქმენით.

თავიდანვე ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, რომ პაროდონტოლოგია სინამდვილეში... ადვილია! პაროდონტოლოგია ძალიან ბუნებრივია, ის ეხება ბიოლოგიას და ცოცხალ ორგანიზმებს (აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ მათ მკურნალ ექიმებსაც), ამიტომ მე, ლარსსა და კრისტიანოს ყოველთვის გვაღიზიანებდა ისეთი ხალხი, ვინც პაროდონტოლოგიას უსაშველოდ რთულ საქმედ ასაღებენ.

„ამ აკრძალული ცოდნის ადგილს უამრავი მზაკვრული რამ იცავს, ცოდნა გამოიყენება არა განათლებისთვის, არამედ დასამალად - უილიამ ბასკერვილელი - ვარდის სახელი“

სწორედ ამიტომ შევქმენით და ახლა ოფიციალურად ვიწყებთ პერიოკამპუსის მენტორების პროგრამას. ეს არის ის, რისიც ნამდვილად გვწამს. გაქვს ეჭვები შენს პროფესიასთან და კარიერასთან დაკავშირებით? რაიმე ახლის სწავლა და გაგება გინდა? თუ ასეა,  მოგვწერე mentor@periocampus.com

მე ძალიან გამიმართლა და ახლა მინდა რაც შეიძლება მეტ კოლეგას დავეხმარო, რომ იპოვონ თავიანთი გზა, სახელი და ადგილი ამ სამყაროში.

Stat rosa pristina nomine, nomina nuda tenemus