იცოდით თუ არა რომ... - ნოემბერი 05, 2020
განაყოფიერებიდან პირველი კვირების შემდეგ, ქალებმა იციან, რომ აუცილებელია ვიზიტი ოჯახის ექიმთან პირველი კონსულტაციისა და წინასწარი კვლევებისთვის, ასევე გინეკოლოგისა და ბებიაქალის ჩართულობა ორსულობის უსაფრთხო მიმდინარეობისა და მშობიარობისთვის. ამ სიაში სტომატოლოგი და პირის ღრუს ჰიგიენისტი იშვიათად აღმოჩნდებიან ხოლმე. ამ ყველაფრის მიზეზია შიში, ინფორმაციის სიმწირე და მტკიცე ინტერდისციპლინური კავშირების ნაკლებობა.
მოდი, დავიწყოთ საფუძვლებით...
ორსულობაზე ფიქრისას ვაცნობიერებთ, თუ რა არაჩვეულებრივი და მომხიბლავია ეს პროცესი: პერიოდი, რომელიც ძირეულად ცვლის ქალის ორგანიზმსა და ფიზიოლოგიას. ახალი შეგრძნებების 40 კვირა: გულისრევა და პირღებინება, მზარდი სიცოცხლის მოძრაობების შეგრძნება, შეშუპებული ფეხები, (ხშირად) ანემია, (ზოგჯერ) გესტაციური დიაბეტი, პრეეკლამფსია. ამასთანავე, თუ განვიხილავთ ქალთა ეჭვებსა და კითხვებს გესტაციასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე, ძალიან იშვიათად წავაწყდებით კითხვებს ორსული ქალისა და მომავალი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ. პირიქით, ზოგჯერ, როდესაც ქალები კლინიკას პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარებისთვის მომართავენ, არც კი გამოხატავენ ინტერესს. ეს კიდევ უფრო ამყარებს აზრს, რომ პირის ღრუ მთელი ორგანიზმის დანარჩენი ნაწილისგან განცალკევებით აღიქვამენ და, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული.
დედის სიმპტომები და პირის ღრუს მდგომარეობები - რა შეგვიძლია ჩვენ?
ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რაც ჩვეულებრივ ჩნდება მე-5 და მე-8 კვირებს შორის, არის გულისრევა და პირღებინება, ხშირად გამოწვეულია სუნისა და გემოების მიმართ მაღალი მგრძნობელობით, ისევე, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
ორსულობის დროს, ესტროგენი და პროგესტერონი იწვევს შინაგანი ორგანოების და სპინქტერული კუნთების მოდუნებას, რომლებიც ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს ხელს უშლიან მჟავა ნივთიერებების ასვლას კუჭიდან საყლაპავ მილში.
როგორც წესი, ეს მდგომარეობა უმჯობესდება დაახლოებით 18-დან 20 კვირამდე. თუმცა, სტატისტიკურად, იმ ქალების 15-20%-ს, რომელთაც პირველ სემესტრში აღენიშნებათ ეს სიმპტომი, უგრძელდებათ მესამე ტრიმესტრის დასაწყისამდე და 5%-ში ბავშვის დაბადებამდეც კი. რაც დემინერალიზაციისა და ეროზიის რისკის ქვეშ აყენებს ქალის კბილის მაგარ ქსოვილებს და ზრდის კარიესის განვითარების რისკს.
კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ორსული ქალების 30%-დან 100%-ზე არის ორსულთა გინგივიტი, რაც განპირობებულია ჰორმონალური, ვასკულარული და იმუნური ცვლილებებით. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროსა და პაროდონტოლოგთა ევროპული ფედერაციის (EFP) მონაცემებით, ღრძილის ქსოვილს აქვს გადამეტებული იმუნური პასუხი პირის ღრუს ბიოაპკის პათოგენურ ბაქტერიებზე, ამიტომ ხშირია ისეთი პაროდონტული დაავადებების ინიცირება ან გაუარესება, როგორიცაა გინგივიტი, პერიოდონტიტი (ქალების 5-20%-ში) და ეპულისი (10%-მდე შემთხვევებში).
პაროდონტული დაავადების სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა თავდაპირველად გამოვლინდნენ გესტაციის მეორე თვეში და სიმძიმის მაქსიმუმს მიაღწიონ მშობიარობამდე 1 თვით ადრე; მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი, ეს ნიშნები რამდენიმე კვირაში მცირდება.
ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ფაქტორებია: 1) ღრძილქვეშა ბიოაპკის შემადგენლობის მოდიფიკაცია ანაერობული პაროდონტოპათოგენების სასარგებლოდ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოცირკულირე ესტროგენისა და პროგესტერონის დონესთან; 2) ლოკალური იმუნური პასუხის მოდიფიკაცია ღრძილის ანთებისადმი გაზრდილი მგრძნობელობის გამო; 3) ანთებისწინარე ჰორმონალური გავლენები ღრძილის დონეზე.
მჯერა, რომ ყველას სმენია გამონათქვამი: „გააჩინე ბავშვი, დაკარგე კბილი“. თუმცა მჯერა, რომ აუცილებლად უნდა გავაქარწყლოთ ეს ძველი, და რაც მთავარია, ძალიან საზიანო ცრურწმენა. ერთი კონსულტაციაც კი პირველ ტრიმესტრში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალთა ცნობიერების ამაღლების საქმეში, ამ დროს შეიძლება ორსულს განვუმარტოთ, რომ სათანადოდ შეაფასოს ფიზიოლოგიური ცვლილებების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. დასაწყისისთვის, უმნიშვნელოვანესია პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და მინანქრის რემინერალიზაციისთვის სიფრთხილის მცირე ზომების მიღება. რეალურად, ისეთი მარტივი ზომების მიღება, როგორიცაა წყლისა და სოდიანი ხსნარის გამოვლება (1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალში), ეხმარება ორგანიზმს გულისრევისა და ღებინების შემდგომი ეფექტის შემცირებაში, ასევე, პირის ღრუს მდგომარეობის პერიოდული შემოწმებები მონიტორინგის მიზნით და პრევენციულ დონეზე ჩარევა.
Fusobacterium nucleatum-ს დედის ღრძილქვეშა ბიოაპკიდან შეუძლია გადალახოს პლაცენტა, მიაღწიოს ნაყოფს და გამოიწვიოს მწვავე ანთება, რაც შეიძლება გახდეს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილის მიზეზი
იტალიურ სტატისტიკურ მონაცემებში („Rapporto CeDAP“) ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ქვეყანაში ნაადრევი მშობიარობის წლიური პროცენტული მაჩვენებელი არის 7%. სამეცნიერო კვლევები არ გამორიცხავენ კავშირს ღრძილის ინფექციების არსებობას, სიმძიმესა და ნაადრევ მშობიარობას შორის, ასევე ნაყოფის ზრდის შეფერხებებზე, სპონტანურ აბორტებსა ან Streptococcus Mutans (SM)-is ვერტიკალურ გადაცემაზე დედიდან/მზრუნველიდან ბავშვზე. ამის გათვალისწინებით, ვიცით, რომ შემთხვევათა 24-100%-ში, ბავშვებში აღმოჩენილი SM-ის გენოტიპი იგივეა, რაც მათ დედებს აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის პირის ღრუს ბაქტერიული ფლორა შესაძლოა განიცდიდეს დედის დიდ გავლენას და შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ვერტიკალური გადაცემა და კარიესის განვითარების რისკი ადრეულ ბავშვობაში. ამ მდგომარეობის შედეგებმა შესაძლოა მიგვიყვანოს დაგვიანებულ სტომატოლოგიურ მკურნალობამდე, ჩარევები ხშირად ხორციელდება ნარკოზისა და სედაციის ქვეშ, რაც შედეგად გვაძლევს გაზრდილ ეკონომიკურ ფასებს, ტრავმასა და სტომატოლოგიური შიშის განვითარებას, ასევე კარიესული დაზიანების რეციდივის მაღალ რისკს.
რა როლი გვეკისრება ჩვენ, როგორც პირის ღრუს ჰიგიენისტებს?
ორსულობის დროს, ქალი ცდილობს თავისი ჩვევების შეცვლას შვილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა გახდეს ამოსავალი წერტილი მომავალი დედების ცნობიერების ასამაღლებლად. ვიწყებთ პირველი კონსულტაციით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რომ 1) ინფორმაცია მივაწოდოთ მომავალ დედებს ორსულობის განმავლობაში მათი პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ; 2) ვურჩიოთ სწორი კვება და პირის ღრუს სწორი ჰიგიენა სახლის პირობებში და მინანქრის რემინერალიზაციის მეთოდები, როგორიცაა სავლები და მარემინერალიზებელი მუსები; 3) პაროდონტიტიან პაციენტებში ყოველი ტრიმესტრის დასაწყისში სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა; 4) ინფორმაციისა და პირის ღრუს მოვლის ინსტრუქტაჟის ადრეული მიწოდება ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ჩვილის პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ და SM-ის ვერტიკალურად გადაცემის მართვა, ისევე, როგორც ზედაპირულად გამოყენებული ფტორის ფუნდამენტური როლის ახსნა (კბილის პასტით - 1000 ppm), პირველი კბილის ამოჭრიდან, 6 თვიდან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვთა ადრეული კარიესის განვითარების რისკი.
როდესაც პაციენტი მიამბობს თავისი ცოლის, ქალიშვილის ან რძლის ორსულობის შესახებ, იმ მომენტიდანვე ვიწყებ ამ კონკრეტული პაციენტის განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას, რადგან შეიძლება მან ეს ინფორმაცია გადასცეს ორსულს და ჩემი მითითებები ზედმიწევნით შეასრულონ. ჩვეულებრივ, მე ვაწესებ 3 ძირითად კანონს: 1) ძლიერ რეკომენდებულია, რომ ორსულმა ქალმა გაიაროს კონსულტაცია პირის ღრუს ჰიგიენისტთან, რათა თავიდან აიცილოს მისთვის და ნაყოფისთვის არსებული შესაძლო რისკები და ორსულობის დროს უდიდესი ყურადღება მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას სახლის პირობებში; 2) დაბადებიდანვე დედამ გამოუსუფთაოს ახალშობილს პირის ღრუ ჩვეულებრივი წყლით დატენიანებული ბინტით და პირველი სარძევე კბილის ამოჭრიდანვე, პატარა კბილის ჯაგრისითა და ბრინჯის მარცვლის ოდენობის კბილის პასტით; 3) მაქსიმალურად აირიდოს თავიდან ნერწყვის მიმოცვლა (მაგალითად: პირზე კოცნა, ერთი და იმავე კოვზის გამოყენება, ბავშვის მატყუარას პირში ჩადება).
სამუშაო თვალსაზრისით, სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებს, რომ ორსულობის დროს რუტინულ პაროდონტოლოგიურ მკურნალობას ან პირის ღრუს პროფესიულ ჰიგიენას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, ამიტომ ექიმს შეუძლია ეს პროცედურები თამამად ჩაატაროს. ყველაზე უსაფრთხო პერიოდი თერაპიული სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად არის მე-14 კვირიდან 20-ე კვირის ჩათვლით, როდესაც ორგანოგენეზი დასრულებულია. 20 კვირიდან, ორსული უნდა მოვათავსოთ ნახევრად მჯომარე პოზიციაში, რათა თავიდან ავიცილოთ ქვედა ღრუ ვენასა და მენჯის ვენებზე ზეწოლა.
ამასთანავე, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავაბათ მჭიდრო კავშირები ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან, რომლებთანაც მომავალ დედებს აქვთ კონტაქტი: ოჯახის ექიმებთან, გინეკოლოგებთან, მედდებთან და პედიატრებთან, რათა შევკრათ თანამშრომლობის ვირტუალური წრე, ხელი შევუწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას და ჩვენს როლს გესტაციური პერიოდისა და პერინატალური ფაზის დროს.
გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურა:
Certificato di assistenza al parto (CeDAP) http://www.salute.gov.it/imgs/C_17_pubblicazioni_2881_allegato.pdf
“Nausea in gravidanza: perché avviene?” https://www.uppa.it/nascere/gravidanza/nausea-in-gravidanza/
Raccomandazioni per la promozione della salute orale in età perinatale (2014) http://www.salute.gov.it/imgs/C_17_pubblicazioni_2317_allegato.pdf