ექსპერიმენტული გინგივიტი კაცებში

პერიოკამპუსის ჟურნალის კლუბი - მარტი 17, 2021

 

პერიოკამპუს ჰერალდის მეოთხე გამოცემისთვის, კიდევ ერთხელ ავარჩიე კლასიკური პაროდონტოლოგიური სტატია: „ექსპერიმენტული გინგივიტი კაცებში“ დაწერილი ჰარალდ ლოეს, ელსე თეილადესა და ბიორგლუმ იენსენის (Harald Löe, Else Theilade, Börglum Jensen) მიერ, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნდა 1965 წელს პაროდონტოლოგიის ჟურნალში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მკითხველისთვის გარკვეულწილად ნაცნობი საკითხია. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ იმავე ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული სტატიების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა გინგივიტსა და კბილის ნადებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენას. შემდგომი სტატიები გამოქვეყნდა 1966 (ექსპერიმენტული გინგივიტი კაცებში II), 1967 (III) და 1968 (IV) წლებში პაროდონტოლოგიური კვლევის ჟურნალში. ექსპერიმენტული მოდელი, რომელიც შემდეგში ბევრმა ავტორმა იმპლანტებზეც გაიმეორა (12 პაციენტში 21 დღე პირის ღრუს ჰიგიენის ჩატარების გარეშე და შემდეგი 21 დღე პირადი ჰიგიენის განახლებითა და პროფესიული ჰიგიენით), გვიჩვენებს მიზეზობრივ კავშირს ნადების დაგროვებასა და გინგივიტის განვითარებას შორის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ის ნაწილი, რომელიც ამტკიცებს კავშირს, არის დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მცირდება შედეგი (გინგივიტი) მიზეზის (კბილის ნადების) მოხსნის შემთხვევაში.

მეორე კვლევა ყურადღებას ამახვილებდა ბაქტერიული ფლორის ცვლილებებზე და მისი შემადგენლობის შესაძლო განსხვავებებზე კბილთაშორის და ვესტიბულურ ან ენისკენა ზედაპირებზე. კვლევამ აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც კვლავ აღდგა პირის ღრუს ჰიგიენა, შეიცვალა პირის ღრუს ფლორაც - ძირითადად დაბრუნდა კოკური შემადგენლობა. განსხვავება კბილის სხვადასხვა ზედაპირებზე გინგივიტის განვითარების მხრივ არ ვლინდებოდა.

მესამე კვლევა მიზნად ისახავდა ანტიბიოტიკების, კონკრეტულად კი ტეტრაციკლინის შემცველი სავლების გავლენის შეფასებას ნადების ფორმირებაზე. ავტორებმა გვიჩვენეს ტენდენცია, რომ ამ მკურნალობის შემდეგ ხდებოდა სოკოს კოლონიზაცია (კანდიდა), რომელიც არ აღინიშნა მეოთხე კვლევაში, ვანკომიცინის გამოყენების შემთხვევაში.

ამ სტატიების უმრავლესობა მომწონს, განსაკუთრებით პირველი ორი, რომელშიც მარტივად არის აღწერილი მასალები და მეთოდები და შედეგებსაც არ აკლია მეცნიერული სიღრმე. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ თუ როგორ უნდა შემცირდეს გამოყენებული მეთოდოლოგიის აღწერა ისე, რომ მკითხველისთვის ან ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, შესაძლებელი იყოს კვლევის განმეორება, ასევე, მოცემული იყოს შედეგების აღწერა ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე, რაც სტატიის „განხილვის“ ქვეთავის ნაწილია.

ცხადია, განხილვაზე გავლენას ახდენს სტატიების დაწერის დრო, თუმცა მთლიანობაში, ეს კვლევები უკვე კლასიკაა, რომლის ექსპერიმენტული დიზაინი მრავალჯერ გაიმეორეს, მათ შორის, უახლოეს წარსულში.

ისიამოვნეთ კითხვით!


ლიტერატურა:

I. Löe, Harald, Theilade, E., & Jensen, S. B. (1965). Experimental Gingivitis in Man. The Journal of Periodontology, 36(3), 177–187. https://doi.org/10.1902/jop.1965.36.3.177

II. Theilade, E., Wright, W. H., Jensen, S. B., & Löe, H. (1966). Experimental gingivitis in man. II. A longitudinal clinical and bacteriological investigation. Journal of Periodontal Research, 1, 1–13. https://doi.org/10.1111/j.1600-0765.1966.tb01842.x

III. Löe, H., Theilade, E., Jensen, S. B., & Schiott, C. R. (1967). Experimental gingivitis in man. 3. Influence of antibiotics on gingival plaque development. Journal of Periodontal Research, 2(4), 282–289. https://doi.org/10.1111/j.1600-0765.1967.tb01901.x

IV. Jensen, S. B., Löe, H., Schiött, C. R., & Theliade, E. (1968). Experimental gingivitis in man. 4. Vancomycin induced changes in bacterial plaque composition as related to development of gingival inflammation. Journal of Periodontal Research, 3(4), 284–293. https://doi.org/10.1111/j.1600-0765.1968.tb01934.x